2024 წლის 9 თვეში საქართველომ 1 მილიონ 108 ათასი დოლარის ღირებულების 1 980 ტონა კივი შეიძინა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა. საქსტატმა გამოაქვეყნა ინფლაციის დეტალური ინდექსიც, რომელიც 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასებს აერთიანებს. კივი ამ პროდუქტებში ოქტომბერში ყველაზე მეტად - 52%-ით გაძვირდა.
საქსტატის ვაჭრობის პორტალის მიხედვით, იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტის ღირებულება 25.8%-ით, მოცულობა კი 13%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კივის იმპორტი გაუძვირდა.
9 თვეში საქართველოში კივი სულ სამი ქვეყნიდან შემოვიდა. აქედან პირველ ადგილზე ირანია, საიდანაც 693 ათასი დოლარის ღირებულების 1 500 ტონა კივი ვიყიდეთ; თურქეთიდან 107 ათასი დოლარის 228 ტონა, ხოლო ნიდერლანდები ყველაზე მცირე 37 ათასი დოლარის 38 ტონა შევიძინეთ.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან კივის ექსპორტის ძირითადი ნაწილი რეექსპორტზე მოდის. იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან ჯამურად 196 ათასი დოლარის 112 ტონა კივი გავიდა, აქედან ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტი მხოლოდ 73 ათასი დოლარი იყო [26 ტონა].
კივის საერთო ექსპორტი სომხეთში[$103 ათასი, 67 ტონა], იაპონიასა [$71 ათასი, 26 ტონა] და რუსეთში [$21 ათასი, 19 ტონა] განხორციელდა, აქედან იაპონიაში სრულად საქართველოში წარმოებული კივი გავყიდეთ.