სომხეთში, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, ირანულმა კომპანიებმა 7.2 კილომეტრის სიგრძის ქაჯარანის გვირაბის მშენებლობა დაიწყეს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, 395 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო ობიექტს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, ირანი შავი ზღვის რეგიონთან და ევროპასთან დაკავშირებას საგრძნობლად შეამოკლებს.
არსებული ინფორმაციით, მასშტაბურ მშენებლობას ირანული კომპანიები - Abad Rahan Pars International Group-ი და Tunnel Sadd Ariana ახორციელებენ. 395 მილიონი დოლარის საერთო ბიუჯეტიდან 200 მილიონ დოლარს ევრაზიის ფონდის კრედიტი შეადგენს, ხოლო დარჩენილ 195 მილიონ დოლარს სომხეთის მთავრობა აფინანსებს.
ამასთან, ახალი სატრანსპორტო კვანძი არსებულ მარშრუტს 14 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს დაახლოებით 40 წუთით შემცირებას უზრუნველყოფს, რაც მეგრის უღელტეხილის გვერდის ავლის შესაძლებლობას შექმნის.
7.2-კილომეტრიანი გვირაბის გარდა, პროექტი 4 კილომეტრის სიგრძის მიმყვანი გზების მოწყობასაც ითვალისწინებს. ობიექტი ორზოლიანი გზით, საფეხმავლო ბილიკებით, ევაკუაციის გამოსასვლელითა და ყოველ 250 მეტრში ავარიული გაჩერების სპეციალური ჯიბეებით აღიჭურვება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 6 წელიწადში იგეგმება.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ინდოეთის ოკეანისა და სპარსეთის ყურის რეგიონებს სომხეთისა და საქართველოს გავლით შავ ზღვასა და ევროპასთან აკავშირებს.



























