სადაზღვევო სექტორი დღეს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ, ეკონომიკურმა ფაქტორებმა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებამ კომპანიებისგან ახალი, უფრო მოქნილი სტრატეგიული მიდგომების შემუშავება მოითხოვა.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბაზრის ერთ-ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ, კომპანია „ირაომ“ ახლახან ბრენდი განაახლა - შეიცვალა ვიზუალური იდენტობა, ლოგო და მარკეტინგული სტრატეგია.
რა რეალური ცვლილებები დგას ამ ვიზუალური სიახლის უკან, როგორ იცვლება თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინები სადაზღვევო პროდუქტების მიმართ და რა გამოწვევების წინაშეა დღეს ადგილობრივი სადაზღვევო ბაზარი - ამ თემებზე „ირაოს“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ დეკანოსიძე საუბრობს.
„ირაომ“ ახლახან დაასრულა რებრენდინგის პროცესი. რა გახდა ამ მასშტაბური ცვლილებების მთავარი იმპულსი და რა არის განახლებული ბრენდის ძირითადი გზავნილი საზოგადოებისთვის?
რებრენდინგი ჩვენთვის მხოლოდ ესთეტიკური ცვლილება არ ყოფილა, არამედ - კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გავზარდეთ მომხმარებელთა ბაზა და გავაუმჯობესეთ ლოიალობის ინდექსი (NPS), რაც ჩვენი გუნდის მრავალწლიანი მუშაობის დამსახურებაა. პარალელურად, გაფართოვდა ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობებიც და კომპანია მასშტაბურად კიდევ უფრო გაიზარდა.
შესაბამისად, ძველი იმიჯი ვეღარ გამოხატავდა იმ დინამიკასა და კულტურას, რაც კომპანიის შიგნით არსებობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მომხმარებელმა „ირაოში“ დაინახოს საიმედო პარტნიორი, რომელიც ხარისხიან მომსახურებასთან, ნდობასთან და უშუალო, ადამიანურ ურთიერთობებთან ასოცირდება.
ახსენეთ სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც დღეს ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად მიიჩნევა. რა კონკრეტულ სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი „ირაოსგან“ ამ მიმართულებით?
რებრენდინგის შემდეგ განვითარების მიმართულებებზე მსჯელობისას, აქცენტი ჩვენი ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გაძლიერებაზე გავაკეთეთ. 2025 წლის კვლევების მიხედვით, ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის სეგმენტებში - რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია ქვეყანაში - მომხმარებელთა კმაყოფილებითა და ლოიალობით მოწინავე პოზიციებზე ვართ.
ამ შედეგს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: პირველი ჩვენი საერთაშორისო ექსპერტიზაა, რომელსაც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრობა გვანიჭებს. მეორე ფაქტორია უშუალოდ მომხმარებელთან ურთიერთობა, ე.წ. Human Touch - ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რთულ მომენტში ადამიანებმა ჩვენი მხარდაჭერა და ყურადღება რეალურად იგრძნონ. და მესამე, ეს არის ევროპული სტანდარტები, რასაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვნერგავთ.
თავადაც ახსენეთ, რომ „ირაო“ წამყვანი საერთაშორისო ჯგუფის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრია. რა როლს ასრულებს ეს პარტნიორობა კომპანიის სტრატეგიის ფორმირებაში და რა უპირატესობებს ქმნის იგი ადგილობრივი მომხმარებლისთვის?
„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ მართლაც შთამბეჭდავი, ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ინსტიტუტია, რომელმაც პირველი პოლისი ჯერ კიდევ 1824 წელს გამოსცა. ჯგუფი გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი მართვის მოდელის ჩამოყალიბებაში. ყველა ძირითადი მიმართულება - იქნება ეს რისკების შეფასება, ანგარიშგება თუ კადრების კვალიფიკაცია - ევროპულ გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ჯგუფის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამუშაო შეხვედრებში, რაც საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო უცხოური პრაქტიკა ადგილობრივ რეალობას მოვარგოთ. ჩვენი მომხმარებლისთვის ეს არის იმის გარანტია, რომ ისინი სტაბილურ, გლობალური სტანდარტების მქონე ინსტიტუტთან თანამშრომლობენ.

ციფრული ეპოქა სწრაფ და მოქნილ სერვისებს მოითხოვს. თქვენი ხედვით, როგორ უნდა შეეხამებოდეს ტექნოლოგიური პროგრესი მომხმარებლის რეალურ ინტერესებს და რას ნიშნავს „ადამიანზე ორიენტირებული ინოვაცია“ სადაზღვევო სფეროში?
ტექნოლოგიების როლი დღეს უდავოა, თუმცა ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ ციფრული ხელსაწყოებით არ შემოიფარგლება. ეს არის პროცესი, როდესაც არსებულ პრობლემებს უფრო მარტივ და ეფექტურ გადაწყვეტას ვუძებნით.
ნებისმიერი ახალი სერვისის თუ ციფრული ხელსაწყოს დანერგვისას, ამოსავალი წერტილი ყოველთვის მომხმარებლის საჭიროებაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიჩნევთ სიახლეს წარმატებულ ინოვაციად, თუ ის რეალურად ამარტივებს პროცესს და ზოგავს მომხმარებლის დროს.
რომელია ის ძირითადი პროდუქტი ან მიმართულება, რომელთანაც გსურთ, „ირაოს“ სახელი პირველ რიგში ასოცირდებოდეს?
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა დღეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და აქ მყარი პოზიცია გვიჭირავს, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კლასიკური სადაზღვევო პროდუქტების განვითარება. ესენია ქონების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლისა და ტვირთების დაზღვევა, რაც გლობალურად სადაზღვევო ბიზნესის საფუძველს წარმოადგენს.
ამასთანავე, დიდი გამოცდილება დავაგროვეთ მსხვილი ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ენერგეტიკული პროექტების დაზღვევისა და ზარალების ეფექტიანი მართვის მიმართულებით.
ბრენდის იდენტობას დიდწილად მისი გუნდი განსაზღვრავს. როგორ დაახასიათებდით „ირაოს“ კორპორაციულ კულტურას - როგორი ადამიანები ქმნიან კომპანიას და რა საერთო ღირებულებების გარშემო ერთიანდებით?
ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, განურჩევნლად პოზიციისა. „ირაოში“ კორპორაციული კულტურა ნდობასა და დელეგირებაზეა აგებული. ჩვენთან არ არსებობს მიკრომენეჯმენტი - პირიქით, ხელს ვუწყობთ ისეთი პროფესიონალების ზრდას, რომლებსაც არ ეშინიათ ინიციატივის გამოჩენისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების. ვცდილობთ, შევქმნათ თავისუფალი და კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც გუნდის თითოეულ წევრს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეუძლია.

მაღალი კონკურენციისა და მუდმივად ცვალებადი მოლოდინების ფონზე, რა მიგაჩნიათ „ირაოს“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად, რაც ბაზარზე თქვენს გამორჩეულ ადგილს განსაზღვრავს?
„ირაო“ ადამიანებზე ორიენტირებული კომპანიაა და ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ე.წ. Human Touch - ადამიანური დამოკიდებულება, მხარდაჭერა და ნდობა. გვჯერა, რომ სწორედ მომხმარებელთან ურთიერთობის კულტურაა ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, და არა კონკურენცია დაბალი ფასით ან მარკეტინგული ხმაურით.
ასევე მნიშვნელოვან უპირატესობად მივიჩნევთ საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომას, რაც როგორც დაზღვევის პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისით და კონსულტაციით, ასევე ზარალის დადგომისას სამართლიანი და სათანადო ანაზღაურებით გამოიხატება.
სადაზღვევო სექტორი დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას - იქნება ეს მაკროეკონომიკური ფაქტორები, ჯანდაცვის ხარჯების ზრდა თუ მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება. თქვენი შეფასებით, რა არის ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრისთვის ყველაზე კრიტიკული გამოწვევა?
ამ გამოწვევებს ორ ნაწილად დავყოფდი: გლობალურ და ლოკალურ ფაქტორებად. საერთაშორისო დონეზე უდიდესი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა - სტიქიური მოვლენების სიხშირე პირდაპირ აისახება ჩვენს სექტორზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჯგუფი ყოველწლიურად ატარებს სპეციალურ შეხვედრებს, სადაც გადაზღვევის ბაზრის ტენდენციებსა და რისკების მართვას ვაფასებთ. მეორე გლობალური ფაქტორი ინფლაციაა, რაც სამშენებლო მასალებისა და სერვისების გაძვირების გამო ზარალების მოცულობას ზრდის.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ძირითად გამოწვევად კვლავ სადაზღვევო კულტურის დაბალი დონე რჩება, თუმცა ბაზრის ყოველწლიური 15-20%-იანი ზრდა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ამ ეტაპზე აქტიურად ვემზადებით საპენსიო დაზღვევის მიმართულებითაც, რათა მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტი შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ დამატებითი ღირებულება, რომლის საფუძველიც მომხმარებლის პატივისცემაა.
დასასრულს, კომპანიის სამომავლო პერსპექტივებზეც ვისაუბროთ - როგორია თქვენი გრძელვადიანი ხედვა და სად ხედავთ „ირაოს“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში?
უახლოეს 5 წელიწადში სადაზღვევო ბაზარი საგრძნობლად შეიცვლება, მათ შორის ახალი თაობის მომხმარებლების ხარჯზე, რომლებსაც დაზღვევის მიმართ სულ სხვა მოლოდინები აქვთ.
ჩვენი მოლოდინია, რომ კომპანია კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი მიზანი მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა არ არის. გვსურს, „ირაო“ პირველ რიგში საიმედოობასთან ასოცირდებოდეს და ლიდერობა არა მხოლოდ პორტფელის მოცულობით, არამედ მომხმარებელთა ლოიალობით შევინარჩუნოთ.
გვინდა, ჩვენი მომხმარებლებისთვის სულიერი სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტიას წარმოვადგენდეთ - ეს არის ჩვენი სტრატეგიის მთავარი ქვაკუთხედი.
ამრიგად, სადაზღვევო კომპანია „ირაოსთვის“ განხორციელებული რებრენდინგი ახალი სტრატეგიული ეტაპის დასაწყისია, სადაც ვიზუალურ ცვლილებებთან ერთად წინა პლანზე ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა , ევროპული გამოცდილება და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაა. მზარდი კონკურენციისა და სექტორული გამოწვევების ფონზე, კომპანიის სამომავლო გეგმები კვლავ გრძელვადიან განვითარებასა და მომხმარებელთან უშუალო, ადამიანური კავშირის შენარჩუნებაზე იქნება ორიენტირებული, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივ ბაზარზე სადაზღვევო კულტურის ამაღლებას უწყობს ხელს.




























