2019 წლიდან კომუნიკაციის კომისია ერთით ნაკლები წევრით ფუნქციონირებს. “მაუწყებლის შესახებ” კანონით, კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა უკვე მეორე წელია ერთი პოზიცია ვაკანტურია. არადა კომისიის ორი ახალი წევრის არჩევა გაზაფხულზე მოხერხდა, გაურკვეველი მიზეზების გამო კომისია მაშინ სრულად არ დაკომპლექტდა.
არადა ბოლო 2 წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დაპირისპირება მოჰყვა სექტორში მოქმედი ბიზნესსუბიექტების მხრიდან.
გარდა იმისა, რომ კომისიას, რომელიც არასრული შემადგენლობით ფუნქციონირებს, დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, IDFI-ში ამბობენ, რომ ირღვევა კანონიც. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური განმარტავს, რომ 2 წლის განმავლობაში კომისიაში წევრის არდანიშვნა “მაუწყებლობის შესახებ” კანონს არღვევს.
“მაუწყებლის შესახებ კანონი ამბობს, რომ ზოგადად კომისიას უნდა ჰყავდეს 5 წევრი. კანონის ტექსტი არის აწყობილი იმგვარად, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრი წინასწარ უნდა აირჩიონ, სანამ სხვა წევრს უფლებამოსილება შეუწყდება. 100 დღით ადრე უნდა დაიწყოს ეს პროცედურები. თუ მოულოდნელად მოხდა რაიმე, მაშინ 10 დღის განმავლობაში მთავრობამ უნდა გამოაცხადოს კონკურსი.
ის, რომ კომუნიკაციების კომისიაში 2 წლის შემდეგაც კი არის 4 წევრი 5-ის ნაცვლად, ეს კანონის ცალსახა დარღვევაა”,- ამბობს გიორგი დავითური.
ვინ არის "დამნაშავე"?
კომუნიკაციების კომისიის წევრის არჩევის პროცედურა ასეთია: მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიის წევრობაზე კონკურსი დასრულდება, საქართველოს მთავრობა დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზიდენტს წარუდგენს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ სამი კანდიდატურა შეირჩევა. შემდგომ კი პრეზიდენტი გადასცემს სიას პარლამენტს, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს კომისიის წევრი.
გამოდის, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში, კანდიდატების გადარჩევაში და დამტკიცებაში მონაწილეობს მთავრობაც, პრეზიდენტიც და პარლამენტიც.
2-წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტს კომისიის წევრობის კანდიდატები მიმდინარე წლის 11 ივნისს წარუდგინა, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს ისინი ჯერ არ განუხილავს.
"ამ რგოლში ყველაზე ნაკლებად პრეზიდენტის დადანაშაულება შეგვიძლია, რადგან ის დამოუკიდებლად, მთავრობის კონტრასიგნაციის გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ წარადგენს ვერავის. აქ მთავარი “დამნაშავე” ალბათ უნდა ვეძებოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელმაც გააჭიანურა წინარე პროცესი და შემდეგ პარლამენტში, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო გააჭიანუროს პროცესი",- განაცხადა გიორგი დავითურმა.
"ლეგიტიმაციის პრობლემა"
იმის გამო, რომ კომუნიკაციების კომისიაში 5-ის ნაცვლად 4 წევრია, სპეციალისტები კახა ბექაურის თავმჯდომარეობით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე მიუთითებენ. 4 წევრის პირობებში კომუნიკაციების კომისიას, მაგალითად არ შეუძლია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც კომისიის თავმჯდომარის გადაყენებაა.
“დღეს 4 წევრი ასრულებს თავის მოვალეობას, რაც გადაწყვეტილებების სრული ლეგიტიმაციისთვის საკმარისი არ არის. მაღალი ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია, კომისია იყოს სრულად დაკომპლექტებული”,- აცხადებს “მედიის უფლებების” თანადამფუძნებელი ნათია კაპანაძე.
ის პარლამენტის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, სისუსტეზეც მიუთითებს.
“დავინტერესდით გასული წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი როგორ ასრულებდა კომისიის მაკონტროლებელ ფუნქციას, მათ შორის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმით. ვნახეთ, რომ 2000 წლიდან დღემდე პარლამენტის დამოკიდებულება კომუნიკაციების სფეროს მიმართ არის ფორმალური და შემოიფარგლება მხოლოდ ანგარიშის მოსმენით”,- აცხადებს ნათია კაპანაძე.