IRI ცესკოს შედეგების გამჭვირვალე და ზუსტი დათვლისკენ მოუწოდებს და აგრძელებს საარჩევნო პროცესის დაკვირვებას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა კონგრესმენმა ჯონ შიმკუსმა განაცხადა, რომელიც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან იყო ზეწოლის შემთხვევები, რამაც შიშით დატვირთული გარემო შექმნა. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ჯონ შიმკუსმა განაცხადა, რომ ცალკეული შემთხვევები იყო ხმების მოსყიდვის, განმეორებითი ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობის მიმართულებით. მისივე თქმით, ორგანიზაცია საბოლოო შედეგებთან ერთად ცესკოში დაფიქსირებული საჩივრების გადაჭრასაც ელოდება.
"ამჟამინდელი სამართლებრივი და რეგულაციების ფონი უზრუნველყოფს არათანაბარ საარჩევნო გარემოს და ძალიან დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის ზოგადად კონკურენტული არჩევნებისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ნარატივი იყო, რომ გამოიყენებდნენ ხმების დათვლის ახალ ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ ყველა ამომრჩეველი აღრიცხული ყოფილიყო. ძირითადად კამპანია მიმართული იყო უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, რომ ამომრჩევლების პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემების განვითარებას, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო, რომელმაც გამოხმაურება ჰპოვა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში.
2 მილიონზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა არჩევნებზე. IRI-ს დამკვირვებლები იყვნენ 260 უბანზე, 42 სხვადასხვა რეგიონში. მთლიანობაში, უბნებზე ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, ახალი ტექნოლოგიები მუშაობდა ისე, როგორც განზრახული იყო, თუმცა მცირე პრობლემები დაფიქსირდა ბიულეტენების დასკანერებასთან დაკავშირებით. ასევე იყო გარკვეული შეშფოთებები, კითხვის ნიშნები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, ასევე რეგულარული ზეწოლა, რამაც შექმნა შიშის გარემო. ასევე, ცალკეული შემთხვევები იყო ხმების მოსყიდვის, განმეორებითი ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობის. დახურვის და დათვლის დროს მთლიანობაში მშვიდი სიტუაცია იყო. ასევე წინასწარი შედეგების გადაცემა მოხერხდა. საოლქოების დონეზეც პროცედურების თანახმად, ჩატარდა ხმების შეგროვება. მისია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს მომავალში, 337 საჩივარი არის ცესკოში, რომელიც ასევე ელოდება თავის გადაწყვეტას,
IRI ცესკოს მოუწოდებს, რომ ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგების, იმისთვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული. IRI აგრძელებს საარჩევნო პროცესის დაკვირვებას, ელოდება ოფიციალური საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ასევე საჩივრების გადაწყვეტას და რა თქმა უნდა, IRI გამოსცემს საბოლოო ყოვლისმომცველ ანგარიშს”, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ერთობლივ პრესკონფერენციაზე.