საქართველოსთვის ისტორიული EURO 2024 დასრულდა, მაგრამ მოგონებები, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა შექმნეს, გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება. საქართველო ჭეშმარიტად საფეხბურთო ქვეყანაა, სადაც სპორტის ამ სახეობას თვალს ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებს, როგორც სახლში, ასევე სხვადასხვა დაწესებულებაში. ბოლო დროს, სპორტის ყურება ბარებსა და პაბებშიც გახდა პოპულარული, რაც ბრიტანული და ირლანდიური გამოცდილების ნაყოფია, რომელიც საქართველოში ფეხს ახლა იკიდებს.
ცოტა ხნის წინ, თბილისის ცენტრში, ზანდუკელის ქუჩაზე ირლანდიური პაბი, PUB 44 გაიხსნა, რომლის სახელწოდება ისეთივე კავშირში არის სპორტთან, როგორც თავად ეს ადგილი, რომელსაც საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავს. როგორც PUB 44-ის დამფუძნებელმა, ელენე კვირიკაშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, თბილისში ირლანდიური პაბის გახსნა ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა, ესენია სპორტის სიყვარული და მსგავსი დაწესებულების არარსებობა.
“ირლანდიური პაბი სტანდარტული კვების ობიექტი არ არის და კონკრეტულ ნიუანსებს მოიცავს, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, მაგრამ საქართველოში ამის დეფიციტს ვგრძნობდი. ამასთან, სპორტიც ძალიან მიყვარს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქართველს, მაგრამ თბილისში ვერ ვნახე ადგილი, სადაც ტელევიზორი უბრალოდ კედელზე არ იქნებოდა ჩამოკიდებული და მოედანთან მიახლოებული აურა იქმნებოდა.
PUB 44-ის გახსნა თბილისის ცენტრში გადავწყვიტეთ, რადგან ეს პროექტი კომერციულადაც საინტერესო ყოფილიყო და თან, აქცენტი დიდ ეკრანზე და ხმის კარგ სისტემაზე გავაკეთეთ, რაც მომხმარებელს სპორტის ყურებით მაქსიმალური სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს”, - განაცხადა ელენე კვირიკაშვილმა BMG-სთან საუბრისას.
პაბი ბრიტანული და ირლანდიური ტრადიციის ნაწილია, რომელიც ითვლის არა წლებს, არამედ ასწლეულებს, რადგან გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის ტერიტორიაზე პირველი პაბები მე-12 საუკუნეში გამოჩნდა, ხოლო თავად ეს ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იღებს. როგორც ელენე კვირიკაშვილი “საქმიან საღამოში” ამბობს, თავდაპირველად, ტრადიციულ ქართულ ობიექტებს შეჩვეული სტუმრები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ იყო მაგიდები ასე ახლოს, მაგრამ ახლა, მომხმარებელმა პაბის კონცეფცია სრულად გაიაზრა. შედეგად, PUB 44-ში მუდმივი კლიენტებიც გაჩნდნენ, რომლებიც დაწესებულებას სტუმრობენ, როგორც სპორტის სანახავად, ასევე სოციალიზაციისთვის.
“სტუმრები გვეუბნებიან, რომ არ იცოდნენ, თბილისში ასეთი ადგილი თუ იყო. გვყავს მუდმივი სტუმრებიც. ჩვენი სტუმრების ერთი სეგმენტი სპორტის მოყვარულები არიან, რომელთაც საყვარელი მაგიდებიც კი აქვთ. მენიუზე ბევრი ვიმუშავეთ, ხოლო შეფმზარეული ლონდონიდან, გაი რიჩის პაბიდან წამოვიყვანეთ. ჩვენი საფირმო კერძი მინიბურგერია, მაგრამ უახლოეს მომავალში მენიუს განახლებას ვგეგმავთ. თუმცა პაბი, როგორც გითხარით, არასტანდარტული კვების ობიექტია, რადგან ის სოციალიზაციის ადგილი უფრო არის, ვიდრე კვების. თავდაპირველად, მომხმარებლები უცხოდ იყვნენ და აინტერესებდათ, რატომ არის მაგიდები ერთმანეთთან ასე ახლოს, მაგრამ სტუმრებმა მალევე გაიცნეს ერთმანეთი, რადგან პაბში სოციალიზაცია და უცხო ადამიანებთან დროის გატარება კარგი ფენომენია. სუფრის ადგილი თბილისში ბევრი გვაქვს, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარ ნიშს PUB 44-იც ავსებს”, - აღნიშნა PUB 44-ის დამფუძნებელმა, ელენე კვირიკაშვილმა “საქმიან საღამოში”.
თბილისის ცენტრში მდებარე ირლანდიური პაბის მიმართ არსებული მოთხოვნა ფინანსურადაც დასტურდება. როგორც ელენე კვირიკაშვილმა BMG-სთან საუბრისას განაცხადა, ევროპის ჩემპიონატის ჯავშნები პაბში ჯერ კიდევ 26 მარტს შეივსო, ანუ მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და EURO 2024-ზე მოხვდა.
“საქართველოს ნაკრების თამაშების დროს ტელეფონი და სოციალური მედია უბრალოდ არ ჩერდებოდა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. საინტერესო კი ისაა, რომ სხვა ნაკრებების თამაშებზე ჩვენთან სწორედ იმ ნაკრებების გულშემატკივრები იკრიბებოდნენ, ანუ საელჩოების თანამშრომლები და ტურისტები. საქართველოს ნაკრების თამაშებზე ჩვენმა სტუმრებმა ძალიან ბევრი ემოცია დახარჯეს და უცხოელები ქართველ სპორტსმენებს რომ გულშემატკივრობენ - ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია. ამ ადამიანების ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო”, - აღნიშნა ელენე კვირიკაშვილმა “საქმიან საღამოში”.
ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას უკავშირდება - ლუდია, რადგან ეს სწორედ ის ალკოჰოლიანი სასმელია, რომელსაც გულშემატკივრები, როგორც წესი, სპორტული ღონისძიებების დროს სვამენ. როგორც ლუდის მწარმოებლებმა BMG-სთან განაცხადეს, EURO 2024-ის დროს მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ წარმოებასაც კი ვერ ასწრებდნენ - ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. ასეთივე ტენდენცია დაფიქსირდა PUB 44-ში, რაზედაც “საქმიან საღამოში” ელენე კვირიკაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუდის მომწოდებლების დამსახურებით დეფიციტი არ შექმნილა, ხოლო გაყიდვებმა 240%-ით იმატა.
როგორც ელენე კვირიკაშვილი BMG-ითან ამბობს, PUB 44-ში სტუმრები მხოლოდ ფეხბურთის სანახავად არ იკრიბებიან. პაბისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი სპორტის სახეობა ავტორბოლაა და პაბის სახელიც, რომელიც Formula 1-ის ყველაზე ტიტულიანი პილოტის, ლუის ჰამილტონის ბოლიდის ნომერია, სწორედ ამაზე მიუთითებს.
“ჩვენთვის, Formula 1 ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობაა, ხოლო სტუმრები ჩვენთან ყველა რბოლის საყურებლად იკრიბებიან. ასევე, ხშირად გვსტუმრობენ მორაგბეები, ხოლო თავად ეს სპორტი ირლანდიურიც არის და ქართულიც. თუმცა ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა UFC იყო, რადგან ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის ბრძოლების დროს, ანუ დილის შვიდ საათზე, პაბი გადავსებული იყო. თან UFC დიდ ეკრანზე გაცილებით კარგი სანახავია, რადგან გგონია, რომ იქ ხარ”, - აღნიშნა ელენე კვირიკაშვილმა “საქმიან საღამოში”.
PUB 44-ის დამფუძნებელმა BMG-სთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე, თბილისში პაბის მეორე ფილიალი გაიხსნება, რომელსაც გარე სივრცეც ექნება.