საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია Terminal-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯინო დოლინის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირ აზიანებს საინვესტიციო კლიმატს, ბიზნესს კი „მოლოდინის რეჟიმში“ ამყოფებს.
მისივე დაკვირვებით, Co-working სფეროში ინვესტიციები შეჩერებულია და გაურკვევლობის შიში ახალ ეკონომიკურ ინიციატივებს აფერხებს.
ჯინო დოლინმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ და საინვესტიციო გარემოზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ქვეყნის ეკონომიკა მოლოდინის რეჟიმშია გადასული.
„იმედს ვიტოვებ რომ ქვეყნის [საგარეო] კურსი არ შეიცვლება“... „ინვესტიციები შენელებული კი არა, შეჩერებულია“ - „წერტილის“ წამყვანმა ჯინო დოლინს ძველი ინტერვიუებიდან თავისი ფრაზები შეახსენა და ჰკითხა - გამოსწორდა თუ გაუარესდა მდგომარეობა.
„სამწუხაროდ, არ მაქვს დადებითი პასუხები... ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის განვითარების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ასე ვთქვათ, ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ გადასული - როგორც კომპანიები, ასევე თითოეული მოქალაქე“, - აღნიშნა დოლინმა.
მისი თქმით, ინვესტიციების მხრივ, პოზიტიური დინამიკა არაა [რაც FDI-ის ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება] და ბევრი კომპანია ინვესტორების სიმცირეს განიცდის.
„ცვლილებები არ არის. მე არ ვიცი, რა ინვესტიციები იდება ქვეყანაში, რადგან საქსტატის ვებგვერდზე რომ შედიხარ, იქ ჩანს, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ იმ სფეროში, სადაც მე მიწევს საქმიანობა, ინვესტიციები არ გაკეთებულა. მესმის, რომ თითქოს დეველოპერულ კომპანიებში ბევრი ინვესტიცია შემოდის, თუმცა ამასაც ჯერ ვერ ვხედავ - მხოლოდ საუბრების დონეზეა... ქო-ვორქინგ სივრცეები კი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც 2024 წელს იყო“, - განაცხადა ჯინო დოლინმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან ასევე სკეპტიკურად შეაფასა ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მაჩვენებლები, რასაც ხელისუფლება ეყრდნობა. მისი შეფასებით, 8%-იანი ზრდა რეალურ ბიზნესსა და დასაქმებაზე ვერ აისახა.
„ეს ზრდა ცოტა მაკვირვებს ხოლმე... გამიხარდებოდა, რომ დაკონკრეტდეს, ვის სასარგებლოდ გაიზარდა ეკონომიკა 8%-ით. ჩვენ ვხედავთ სფეროებს, რომლებიც იკეტებიან, არათუ ვითარდებიან. მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესო, სამეულში შემავალი საერთაშორისო კომპანიის ფილიალი დაიკეტა, [კომპანიას Terminal-ში ჰქონდა ოფისი], იმიტომ რომ მდგომარეობა არ იყო ისეთი ამ ქვეყანაში, როგორსაც ელოდნენ“, - აღნიშნა Terminal-ის დირექტორმა.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს კერძო სექტორზე და იმ მოსაზრებას, რომ ბიზნესს პოლიტიკა არ ეხება, არ ეთანხმება.
"კატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკა არ გვეხება. პოლიტიკა გვეხება როგორც ბიზნესს, ისე თქვენ, მე - ყველას. [პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესება] არ ნიშნავს რომელიმე პარტიის მიმართ სიმპათიებს, ეს ნიშნავს ქვეყნის მოწყობით [დაინტერესებას] და ასევე, რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს - ალბათ [დასავლური კურსის შეცვლა] იმ კომპანიებს არ ეხება, ვინც იმ მიმართულებით მუშაობს, საითაც ახლა მიდის კურსის ცვლილება, მაგრამ ჯამში, 80–85%-ზე ეს პოლიტიკა ძალიან მძიმედ აისახება“, - განაცხადა დოლინმა.
მისივე დაკვირვებით, დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შიშის ფაქტორი იქცა - როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, რაც ბიზნესს სირთულეებს უქმნის.
„შიში არის, რადგან ვხედავთ, რომ ასეთი რეპრესიული მიდგომებია ყველგან - როგორც პერსონალურად, ისე დარწმუნებული ვარ, კომპანიებშიც. მესმის, შეიძლება, გამიჯნული იყოს აქტივიზმი და ბიზნესის კეთება, მაგრამ ის ღირებულებები, რითაც ბიზნესი კეთდება, შემოსავლის გამო, არ უნდა იცვლებოდეს“, - ამბობს ჯინო დოლინი.
Terminal-ი საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი ქართული კომპანიია. ის მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებსაც სთავაზობს თბილისსა [5 ფილიალი] და ბათუმში [1 ფილიალი]




























