მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რაც დღეს ხდება, EU-ში ჩვენს პროგრესს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს - ჩეჩელაშვილი კრემლის გადაწყვეტილებაზე

645b880405bbf
თინათინ ნატმელაძე
10.05.23 16:28
694

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მოხსნა. ამ ნაბიჯის გამომწვევ მიზეზებსა და სამომავლო შედეგებზე BM.GE-სთან რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შეაფერხებს.

"ადრე თუ გვიან, ევროკავშირი, ევროკომისია და ევროპა მოგვთხოვს, მკაფიო პოზიციონირება გვქონდეს რუსეთთან სანქციების მიმართულებით. პირველ რიგში, ეს ეხება ავიარეისების აღდგენას. რუსული კომპანიები უკანონოდ ფლობენ აერიბუსებს და ბოინგებს, რომლითაც ფრენებს აწარმოებენ. სამართლებრივად და სანქციების კონტექსტიდან გამომდინარე, თუ ისინი დაიშვებიან საქართველოს რომელიმე აეროპორტში, უნდა დავაკავოთ. თუ არადა, გამოდის, რომ არათუ არ ვუერთდებით სანქციებს, არამედ მივდივართ სანქციების წიმააღმდეგ", - ამბობს ჩეჩელაშვილი.

მისივე ცნობით, ამ მოვლენას აქვს როგორც უარყოფითი ისე დადებითი მხარეებიც.

"რა არის ამაში დადებითი? - 1. ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მოსკოვში ჩასვლა თავის ნათესავებთან, ეს გაუადვილდება. 2. მოისპობა კორუციის ბუდე, რომელიც ვიზებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ არსებობდა საქართველოში. 3. ჩვენ აზერბაიჯანელ და სომეხ თანამემამულეებს აღარ ექნებათ მოტივაცია, აიღონ აზერბაიჯანული და სომხური პასპორტები რუსეთთან უვიზო მიმოსვლისთვის.

ამასთან, არის ნეგატიური საკითხებიც: 1. ამით ვითარდება ჩვენი რუსეთთან თანამშრომლობა, რომელიც მოძალადე და მკვლელი სახელმწიფოა და ბარბაროსულ ომს ეწევა უკრაინაში. 2. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროპულ და ევროტლანტიკურ პერსპექტივას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი სახის გართულებები ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციის გზაზე. კონკრეტულად, შეუქმნას რაღაც პრობლემები ჩვენს ეროვნულ ავია გადამზიდავს, აირზენას ევროპის მიმართულებაზე. 3. თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს, რომ ისარგებლოს რუსული ავიახაზებით, მე არ ვურჩევდი ამას, რადგან ეს ხომალდები არ გადის ტექნიკურ მომსახურებას, შესაბამისად, ფრენა ამ ბოინგებით არის სახიფათო და ვურჩევდი, რომ რუსული კომპანიებით არ ისარგებლონ. თუ მაინცდამაინც რამე არის გადაუდებელი, ისარგებლონ ქართული ავიახაზებით. კიდევ არის ერთი მომენტი, რომ ამ ავიახაზების ტექნიკური მომსახურება ქართულ აეროპორტებში არის ევროკავშირის სანქციების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი შედეგები", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

კითხვაზე, რა უნდა გაეკთებინა ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, რუსეთის ყოფილი ელჩი გვპასუხობს, რომ პირველ რიგში უნდა დაგვეწესებინა სავიზო რეჟიმი და გვეთქვა რუსეთისთვის, რომ ჩვენ ევროპის გზას მივყვებით.

"უნდა გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რომ პირდაპირ გვეთქვა რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომ ევროპული სანქციებიდან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერი ხომალდის წინააღმდეგ იძულებული ვიქნებოდით გამოგვეყენებინა რაღაც ზომები. ეს ხომალდები რუსული კომპანიების მფლობელობაში დღეს უკანონოდაა. ჩვენ ახლა ვართ კრიტიკულ ფაზაში, უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს ყოველივე რაც დღეს ხდება, ამ გზაზე ჩვენს პროგრესს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების პასუხი იქნება ნეიტრალურ-პოზიტიური, იტყვიან, რომ ეს კარგია, ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს მგზავრობას და ა.შ.", - თქვა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები