სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ნონა წოწორიას შეფასებით, მოსამართლეები რომ თავისუფლები იყვნენ, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთი დღეც არ იქნებოდა ციხეში.
ამის შესახებ მან BMGTV-ის „წერტილში“ განაცხადა, სადაც გადაცემის წამყვანმა ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლეს ჰკითხა - "რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე თავისუფალი მოსამართლეები"?
1-ელ აგვისტოს ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესია. როგორც ცნობილია, ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მისთვის წარდგენილი მუხლის მიხედვით, ირაკლი დგებუაძისთვის სილი გაწვნის გამო.
„მზია ამაღლობელის საქმე არის დეკლარირებული შურისძიება ქალზე, ადამიანზე, ჟურნალისტზე; ის ამ წუთს განასახიერებს დამოუკიდებელი საქართველოს იდეას“, - ამბობს ნონა წოწორია.
მისივე შეფასებით, „ის, რაც მზია ამაღლობელის თავს ხდება, აჩვენებს ამ [ქართული ოცნების] ხელისუფლების რუსულ ბუნებას, რადგან რუსეთისთვის ნებისმიერი დათმობა და მოლაპარაკება წარმოუდგენელი რამ არის, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის“.
რის ჩვენებას ცდილობს „ოცნების“ ხელისუფლება მზია ამაღლობელის საქმით, რომელიც 6 თვეა პატიმრობაში იმყოფება? - ვკითხეთ ყოფილ მოსამართლეს.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ადამიანობის, ჰუმანურობის გამოჩენა არის მათი სისუსტის მაჩვენებელი, ამიტომ ისინი იქნებიან სასტიკები ამ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალბატონი მზია უკვე დიდი ხნის გამოშვებული იქნებოდა. სამწუხაროდ ასეთი ქვეყანაა - სასტიკი და ჰუმანურობისგან დაცლილი რეჟიმით, ხელისუფლების სათავეში...
ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ; გვინდა თუ არა მოვხვდეთ რკინის ფარდის მიღმა, რომელიც უკვე საკმაოდ ჩამოშვებულია - ეს არის საკვანძო საკითხი და სამწუხაროდ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება არის ის ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს, რა არის ჩვენი მომავალი, თუკი ამ ყველაფრისგან არ გავთავისუფლდებით“, - განაცხადა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ BMGTV-ზე.




























