მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისაკო დევიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან შიმშილობა დაიწყო - ადვოკატი

ისაკო დევიძე

სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის ადვოკატის ინფორმაციით, დევიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა მას მძიმე დაზიანებები არ აქვს. როგორც უფლებადამცველმა, ლაშა ტყეშელაძემ დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, აქტივისტს 4 საათის განმავლობაში რამდენიმე პოლიციელი უსვამდა კითხვებს, თუმცა დაკითხვის ოქმი არ შეუდგენიათ.

"შიმშილობა დაიწყო. სამართალდამცველებმა მასზე ორჯერ იძალადეს ფიზიკურად. პირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ როდესაც პადიეზდთან დააკავეს, შემდეგ აიყვანეს სახლში, სადაც უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როდესაც ჩხრეკა მიმდინარეობდა და როდესაც უთხრა, რატომ მაგინებთ, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფასო, რაზეც ფიზიკურად გაუსწორდნენ",- უთხრა ადვოკატმა "ტვ პირველს".

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ის ერთ-ერთი აქტივისტია, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ისაკო დევიძის დედის ინფორმაციით, შსს-მ ბინიდან დევიძის ოჯახის წევრების პირადი და სამუშაო ლეპტოპები, დედის ოპერაციისთვის განკუთვნილი 2 000 ლარი და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაიტანა.

ისაკო დევიძე პოლიციამ პირველად 19 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ჩატარებულ აქციაზე, პროტესტის სხვა 15 მონაწილესთან ერთად დააკავა. მაშინ დევიძეს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ედავებოდნენ. ისაკო დევიძემ იზოლატორი 8 დღის შემდეგ დატოვა, მანამდე კი, შიმშილობის გამო, კლინიკა "ვივამედში" იყო გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები