ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ელექტროსადენები კი, მიწისქვეშ განთავსდა. განახლდა გარე განათების ქსელიც და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. მერიის ცნობითვე, პროექტის ფარგლებში, გამწვანდა ტერიტორიაზე არსებული 55 თარგი, 2000 კვ.მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, 800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6.5 მლნ ლარით დაფინანსდა.




























