მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის სამშენებლო პროექტებში საბაზრო ღირებულება გადაიხადოს, იმისთვის რომ მათი დაფინანსებული პროექტები, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას არ საჭიროებდეს. გურამ დუმბაძე ირწმუნება, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი სამშენებლო პროექტები იქნება ხარისხიანი და დაცული იქნება საგარანტიო ვადები.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. სწორედ ამ ფასებზე დაყრდნობით შეძლებენ შემსყიდველი ორგანიზაციები დაგეგმონ ბიუჯეტები და გამოაცხადონ შესაბამისი ტენდერები.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო საბაზრო ღირებულებით გადაუხდის ბიზნესმენს კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ ექნება იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა-მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს.
„ჩვენ 2026 წელს დავასრულებთ ფასების ფორმირების პროცესს. ეს პროცესი იქნება სრულიად ჯანსაღი. ფასების განახლება შეიძლება მოხდეს ყოველ კვარტალში, შეიძლება მოხდეს 6 თვეში ერთხელ. ეს განგრძობადი პროცესი იქნება. სადაც ზრდა იქნება იქ გაიზრდება ფასი, სადაც შემცირება იქნება, იქ აუცილებლად შემცირდება.
ჩვენ მზად ვართ, რეალური საბაზრო ღირებულება გადავიხადოთ სამშენებლო პროექტებში. ისე არ მოხდება, სამშენებლო პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას საჭიროებდეს. ჩვენ რაშიც გადავიხდით თანხას, ის აუცილებლად იქნება ხარისხიანი, შესაბამისი საგარანტიო ვადების დაცვით. მიღწეული ეფექტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს სამშენებლო სექტორში. ბიზნესსაც მეტად მივცემთ განვითარების შესაძლებლობას. როდესაც ჩვენ საბაზრო ღირებულებით ვუხდით მას კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ აქვს იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა - მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს. ამიტომ ეს პროცესი ამ კუთხით სრულიად ჯანსაღი იქნება“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ და დასძინა, რომ კერძო სექტორთან, მშენებელთა ასოციაციასთან ხშირი კომუნიკაციის პროცესში დარგის წარმომადგენლები რეფორმის ბოლომდე მიყვანით არიან დაინტერესებულნი.
მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ დეპარტამენტი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის ინიციატორია და ერთ-ერთი მთავარი რეფორმა სამშენებლო სამუშაოების ნაწილშია.
გურამ დუმბაძის განცხადებით, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი ჩაირთვება და სამშენებლო სამუშაოების გარდა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში გადავა
„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მეშვეობით ახლა უკვე შევძლებთ, რომ გვქონდეს ერთიანი მიდგომა შესყიდვებთან დაკავშირებით, ერთიანი პრაქტიკა, ბიზნესის დაინტერესებაც ძალიან დიდია ერთგვაროვანი შესყიდვის დროს, როდესაც ერთი ორგანო ახორციელებს შესყიდვას. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ პირველი ივნისიდან გადავალთ განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
მისი განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა იყო ძალიან ცუდი და ახლა მისი გაუმჯობესება ხდება. ის რეფორმის დეტალებს განმარტავს:
„სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს შესყიდვა შედგება 3 ნაწილისგან. ეს არის ხელფასები - რომელიც კომპანიამ უნდა გადაუხადოს თავის თანამშრომლებს, მასალები, რომლითაც სამშენებლო წარმოება უნდა მოხდეს და მანქანა-მექანიზმები, რომლებიც სამშენებლო მოედანზე გამოიყენება. ამ ფასების დადგენას ქვეყანაში ახდენდა ერთი ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც ოფიციალური ვალდებულება არ ჰქონდა, ეს მისი ინიციატივა იყო და აახლებდა ამ ფასებს. თუ შევადარებთ საბაზრო ფასებს და ფასებს, რომელსაც იყენებდა ეს ეკონომიკური ოპერატორი, ძალიან დიდი სხვაობა იყო. ეს ეკონომიკური ოპერატორი იყო ერთ-ერთი შემფასებელთა კავშირი, რომელიც თავისით ადგენდა ამ ფასებს და სახელმწიფოს არ ჰქონდა შემუშავებული, როგორ უნდა მომხდარიყო ფასის ფორმირება, ვის უნდა დაედგინა და ა.შ. ჩვენი დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც და პრემიერ-მინისტრის დავალებაა, რომ უნდა შევქმნათ პრევენციული მექანიზმები, გავაუმჯობესოთ პრაქტიკა. რაც წარსულში ცუდი და ნაკლოვანი გვქონდა, სამომავლოდ ეს პრაქტიკა უნდა გავაუმჯობესოთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დახმარებით მოხდეს ამ ფასების დადგენა და შემუშავება. შეიძლება შემდგომ სხვა ინსტიტუციური ფორმა მიეცეს და ეს იყოს ცალკე კვლევითი ინსტიტუტი, მაგრამ ამ ეტაპზე სამხარაულის ბიურო მოამზადებს, განაახლებს და მოამზადებს ახალ სამშენებლო ფასებს, რომლებიც კრიტიკულად საჭიროა სამშენებლო სექტორისთვის. ეს იქნება ძალიან კომპეტენტური, ძალიან ზუსტი მონაცემები, რომელიც სხვადასხვა წყაროს დაეყრდნობა. პირველ ეტაპზე, ჩვენ განვაახლეთ შრომის ანაზღაურების, ხელფასების ნაწილი და მაქსიმალურად დავუახლოვეთ საბაზრო ღირებულებებს. 19-დან 24%-მდეა ზრდა შრომის ანაზღაურების ნაწილში. ეს ტვირთად აღარ აწევს კომპანიას. რეალური ხელფასი უნდა გადაუხადოს სამშენებლო მოედანზე დაქირავებულს და არ უნდა მოაკლოს მასალებს. რეალურად, ხარისხი ზიანდებოდა იმ ფასებით, რომლებსაც ვიყენებდით. ამის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამშენებლო ხარისხსაც“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
მისივე განმარტებით, განახლდება სამშენებლო მასალების ნაწილიც, იარსებებს ელექტრონული პლატფორმა, სადაც კონკრეტულ იმპორტიორს, მშენებელს ან მაღაზიას, რომელიც სამშენებლო მასალებით ვაჭრობს, შეეძლება, თავისი ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს.
„ყველა ეკონომიკურ ოპერატორს შეეძლება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. შემდგომ სამხარაული დაადგენს, რა უნდა ღირდეს კონკრეტული მასალა. იქნება დიფერენცირებული ფასები, თავისი ხარისხით. ასევე, განახლდება მანქანა-მექანიზმების ნაწილი. ახალი ტექნიკის, რაც რეალურად სამშენებლო მოედანზეა, შემოყვანა მოხდება ხარჯთაღრიცხვაში, იმის განფასება მოხდება. ჩვენ სრულად კონკურენტული ვხდებით კერძო სექტორთან მიმართებით, იმიტომ, რომ ჩვენს მიერ გადახდილი ღირებულება სამშენებლო სამუშაოებში იქნება ისეთი, როგორც, ვთქვათ, კერძო სექტორი იხდის, რაზეც მოვითხოვთ ხარისხს. გაძლიერდება ზედამხედველობისა და მონიტორინგის კომპონენტი, იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ძალიან ბევრი პროექტია წელს დაგეგმილი, მაგრამ მოვითხოვთ ხარისხსაც“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.




























