საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თვლის, რომ სანქციებთან მიერთების საკითხზე საქართველომ სიბრძნე უნდა გამოიჩინოს და ოქროს შუალედი მოძებნოს, რათა „გადაჭარბებულად არ გამოიდოს თავი და უბედურება არ დაიტეხოს“.
გადაცემა „საქმიან დილაში“ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს უერთდება და ყველა ჩვენგანს სოლიდარობა არ აკლია.
„ისტორიულად ბრძენი უნდა ვიყოთ, სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ და ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ. ჩვენ უხუცესი ბიბლიური პატრიარქი გვყავს, რომელიც 45 წელია სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს, იმ შუალედისკენ, რომ ყუმბარები არ დავიყაროთ, რაც 2008 წელს მოხდა და სისხლით გადავიხადეთ ამ ჩვენი ნაბიჯებით.
გვყავს ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ადვილად არ ეპუება ამა თუ იმ ნაბიჯს. მე არ ვარ მომხრე, რომ თავი შევაკლათ... არ არის სწორი. რა თქმა უნდა, მსოფლიოს თანამეგობრობის სანქციებს შეერთებული ვართ.
ვიცი ჩვენი კოლეგა ბანკებისგან, მეგობრებისგან, რომ ისინი აბსოლუტურად ზედმიწევნით იცავენ ყველა სანქციას და გადაჭარბებულად ისე არ გამოვიდოთ თავი, რომ უადგილოდ და უსაგნოდ დავიტეხოთ თავს უბედურება“, - განაცხადა პაპაშვილმა.




























