ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს, გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კარგი უნდა იყოს... ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე მზია ამაღლობელზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფო ნებისმიერი დაშანტაჟების შემთხვევას არ ექვემდებარება. ის დასძენს, რომ შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი.
“ისე წარმოგვიჩენენ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს, გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კარგი უნდა იყოს. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესია, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ იყოს, შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი. შიმშილობა სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ.
გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილიც უნდათ. გადაჭარბების გარეშე ვამბობ. სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ რომ გვეთქვა წარმოიდგინეთ რა ამბავს ატეხდნენ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ 10 ნაციდან 9, მის სიკვდილს ოცნებობს და სუბიექტურად ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული საქმის. მაგრამ ადამიანურად, გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას რეპუტაცია არ შეელახოს”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.