თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის 75 მილიონ–ევროიან ტრანშზე უარის თქმის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას და ამ ამბის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
"ეს არ არის დახმარება, საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს, ევროკავშირის 150 მლნ-ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს მიღებაზე.
„მართალია, „ოცნების“ ხელისუფლების წევრები ირწმუნებიან, რომ უარის მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდი ლარია და ასევე მიზანი, შეამცირონ ქვეყნის საგარეო ვალი, მაგრამ ფაქტია, EU-ს მაკროეკონომიკური ტრანში 2021 წლის 30 სექტემბრამდე იმ შემთხვევაში გადმოირიცხებოდა, თუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო. მათ შორის იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. „პატივს ვცემთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის მდგრადობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის პასუხად.




























