მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ისევ იმ პრობლემების წინაშე ვართ, არ არიან სპეციალისტები" - თევზის მომშენებელთა ასოციაცია

თევზი

თევზის მომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ჩობანიანი ამბობს, რომ დარგისთვის გამოწვევად კადრების ნაკლებობა რჩება. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ასევე პრობლემატურია დაავადებების საკითხიც.

"ისევ იმ პრობლემების წინაშე ვართ, რაც იყო, კადრები - როგორც სახელმწიფო სექტორში, ასევე დარგის მიმართულებითაც არ არიან სპეციალისტები. დაავადებებთან მიმართებითაც ვერ გვაქვს საქმე კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ვაკეთებთ ანალიზებს დაავადებებზე, მათ შორის ვირუსულზე. საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რაღაც ხარვეზია და მოკლედ, საბოლოო შედეგამდე ვერ მივდივართ. დაავადების შემთხვევაში, ფერმერიც ერიდება ლაბორატორიასთან თანამშრომლობას. ანუ, ამ ნაწილშიც ვერ შედგა თანამშრომლობა ჯერჯერობით",- ამბობს ნინო ჩობანიანი.

მისივე თქმით, ასოციაცია ეტაპობრივად ფართოვდება და 270-მდე გაიზარდა.

"მოგეხსენებათ, ეს ასოციაციები ახალია ჩვენი ფერმერებისთვის და რა თქმა უნდა, ამასაც დახვეწა სჭირდება. ჩვენ ვურთიერთობთ საბერძნეთის ასოციაციასთან, ესპანეთის, იტალიის ასოციაციებთან და იქ გაცილებით დახვეწილია ეს ურთიერთობები ფერმერებს და ასოციაციას შორის და ზოგადად წარმოების პროცესთან და ასე შემდეგ",- აცხადებს თევზის მომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც ნინო ჩობანიანი ამბობს, შიდა წყლის აკვაკულტურის პროდუქტები ვერ აკმაყოფილებენ პირობებს ევროპისთვის. მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, რაც ევროკავშირისთვის მისაღები პროდუქციის წარმოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ექსპორტი არის რუსეთში რაღაც ნაწილი, სომხეთში, აზერბაიჯანში არის მცირე რაოდენობა. ევროპისთვის ჯერ მზად არ ვართ. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თევზჭერის პროდუქტები, მაგალითად ქაფშია, ფქვილის და ზეთის სახით ექსპორტზე გადის და მათ შორის ევროპაშიც ნებადართულია. მუშაობა ნამდვილად მიდის, უბრალოდ ცოტა რთულია, იმიტომ, რომ ათეული წლების განმავლობაში ფერმერები მუშაობდნენ ყოველგვარი რეგულაციების გარეშე და ჩვენთვისაც ძალიან რთულია, ასოციაციითვის მათთან გარკვეული სიახლეების მიწოდება. 2020 წელს მიღებულ კანონს აკვაკულტურის შესახებ მოყვა სხვადასხვა რეგულაციები, მათ შორის არის ვალდებულებები, მაგალითად წყლის გადასახადი, სანებართვო პირობები და ასე შემდეგ. ამას ძალიან რთულად, მაგრამ ნელ-ნელა გავდივართ ფერმერებთან.

ვგეგმავთ და ფერმერებში დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკები აკვაკულტურაში. გვეხმარებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ჩვენ ასოციაციაში მუშაობენ და წარმოადგენენ სამეცნიერო კომიტეტს. ეს, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია ფერმერებისთვის და ძალიან რთული გზაა, რომ ვიმუშაოთ ფერმერთან, რომ ის თანახმა იყოს დაინერგოს მის ფერმაში საუკეთესო პრაქტიკა. ეს იქნება უმთავრესი და ერთ-ერთი პირველი საწყისი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ საექსპორტო პროდუქციის წარმოება",- ამბობს ნინო ჩობანიანი.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ჯამში 4,6 მლნ აშშ დოლარის 964 ტონა თევზის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2,2 მლნ აშშ დოლარი და 866 ტონა იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან თევზის მთავარი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც წელს 946 800 აშშ დოლარის 116 ტონა გაყინული, ხოლო 141 600 აშშ დოლარის 18 ტონა ახალი და გაცივებული თევზი გავიტანეთ. ყაზახეთს მოსდევს რუსეთი, სადაც წელს 922 900 აშშ დოლარის 118 ტონა გაყინული თევზი გავიდა. მეოთხე-მეხუთე ადგილებს თევზის ექსპორტში სომხეთი და აზერბაიჯანი იკავებენ, რაც რიცხვებში შემდეგნაირად ნაწილდება: სომხეთი - 766 600 აშშ დოლარის 97 ტონა ახალი და გაცივებული, 532 700 აშშ დოლარის 405 ტონა გაყინული თევზი; აზერბაიჯანი - 760 100 აშშ დოლარის 88 ტონა ახალი და გაცივებული, ხოლო 486 200 აშშ დოლარის 95 ტონა გაყინული თევზის ექსპორტი. მცირე რაოდენობით გაყინული თევზი გავიდა უკრაინაშიც და ექსპორტმა მხოლოდ 64 300 აშშ დოლარი და 26 ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები