საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა რეალურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 24.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
გამოქვეყნებულ მონაცემებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმაციისა და კომუნიკაციების (ICT) სექტორზე მოდის, მაშინ როდესაც ეკონომიკის რიგ სტრატეგიულ მიმართულებებში ზრდა შედარებით დაბალია ან საერთოდ არ ფიქსირდება.
საქსტატის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი პირველ კვარტალში 36%-ით გაიზარდა და 2.25 მილიარდი ლარის მოცულობით ქვეყნის ეკონომიკაში სიდიდით მეორე სექტორი გახდა. ზრდის ტემპით მეორე ადგილზე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორია, სადაც ზრდამ 18% შეადგინა.
ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ მაღალი ზრდა სწორედ ICT სექტორში ფიქსირდება და ვარაუდობს, რომ ამას ნაწილობრივ საერთაშორისო კომპანიების მიერ საქართველოში მოქმედი საგადასახადო რეჟიმების გამოყენება განაპირობებს. მისი თქმით, აღნიშნული გარემოება ეკონომიკური ზრდის სტრუქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ამავე დროს, ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს სხვა მსხვილ სექტორებზე. საქსტატის მონაცემებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 3.1%-ით გაიზარდა, მშენებლობის სექტორში კი 2%-იანი კლება დაფიქსირდა. დამმუშავებელი მრეწველობის ზრდამ მხოლოდ 0.3% შეადგინა, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში ზრდა 5.5% იყო, ხოლო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორი 3.3%-ით შემცირდა. განათლების სფეროში ზრდამ 0.7% შეადგინა.
ხიშტოვანის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა ყველა სექტორში თანაბრად არ ნაწილდება და რეალური ეკონომიკის ნაწილში აქტივობა შედარებით სუსტია. მისი განცხადებით, ეს ტენდენცია აისახება დასაქმების, ხელფასებისა და სამომხმარებლო დანახარჯების დინამიკაზეც.
ეკონომისტი ასევე მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა შეჩერებულია, ხელფასების ზრდის ტემპი კი, მისი შეფასებით, ბოლო წლების მინიმალურ ნიშნულთანაა. ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდაც, ინფლაციის ეფექტის გათვალისწინებით, შეზღუდულია.
"ზრდაში უდიდესი წილი მოდის ICT სექტორზე (+36%; ამავდროულად, პირველი კვარტალის მიხედვით, ICT-ის სექტორი ქვეყანაში ზომით მეორე სექტორი გახდა 10,4%-ის წილით). ანუ, როგორც ჩანს, საერთაშორისო კომპანიები კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ საქართველოში არსებულ შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს, ქაღალდზე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ახორციელებენ საკუთარ პროექტებს და თითქმის არ იხდიან საქართველოში გადასახადებს.
ხოლო, რა ხდება სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში, ანუ, რეალურ ეკონომიკაში? დეველოპმენტს და მშენებლობას თუ ერთად განვიხილავთ, ჯამში მინიმალური ზრდა ფიქსირდება (+3,1% და -2%-ი შესაბამისად); მრეწველობაში ნულოვანი ზრდა გვაქვს (+0,3%); ვაჭრობა იზრდება მხოლოდ 5,5%-ით; ხოლო სოფლის მეურნეობაში საერთოდ 3,3%-იანი კლება და განათლებაში 0,7%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რომ შევაჯამოთ, მთლიანობაში 9%-იანი ზრდის მიღმა, ისევ ეკონომიკის ვირტუალური ზრდის სურათი იკვეთება, რომელსაც ვერ გრძნობს ვერც მოქალაქე, ვერც ბიზნესი და ვერც სახელმწიფო ბიუჯეტი. ხოლო ამ ყველაფრის დასტურია, რომ ბოლო წელია სამუშაო ადგილები ქვეყანაში აღარ იქმნება (დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია), ხელფასების ზრდა 2026 წლის პირველ კვარტალში ბოლო 5 წლის მინიმუმზეა, მომხმარებელთა დანახარჯების (ე.წ. consumer spending) ზრდაც ბოლო სამი წლის მინიმუმზეა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები წელს ინფლაციის ეფექტის გათვალისწინებით ფაქტობრივად 0%-იან ზრდას აჩვენებს,"- წერს გიორგი ხიშტოვანი.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სექტორები ზრდის ტემპის მიხედვით ასე ნაწილდება:
| სექტორი | სექტორის მოცულობა მიმდინარე ფასებში | სექტორის ზრდა |
| ინფორმაცია და კომუნიკაცია | 2255 მილიონი ლარი; | 36.0% |
| ტრანსპორტი და დასაწყობება | 1333 მილიონი ლარი; | 18.0% |
| წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 214 მილიონი ლარი; | 17.4% |
| ხელოვნება, გართობა და დასვენება | 951 მილიონი ლარი; | 14.5% |
| ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 978 მილიონი ლარი; | 12.6% |
| განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | 744 მილიონი ლარი; | 12.4% |
| საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 1287 მილიონი ლარი; მილიონი ლარი; | 11.7% |
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 284 მილიონი ლარი; | 10.4% |
| პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 543 მილიონი ლარი; | 9.4% |
| სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება | 1566 მილიონი ლარი; | 7.4% |
| შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის | 29 მილიონი ლარი; | 6.9% |
| ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 247 მილიონი ლარი; | 6.6% |
| ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება | 525 მილიონი ლარი; | 6.5% |
| საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 2869 მილიონი ლარი; | 5.5% |
| სხვა სახის მომსახურება | 162 მილიონი ლარი; | 3.5% |
| უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 2184 მილიონი ლარი; | 3.1% |
| განათლება | 1422 მილიონი ლარი; | 0.7% |
| დამმუშავებელი მრეწველობა | 1790 მილიონი ლარი; | 0.3% |
| მშენებლობა | 1387 მილიონი ლარი; | -2.0% |
| სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 978 მილიონი ლარი. | -3.3% |
შესაბამისად, საქსტატის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ორ სექტორში - მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში 2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად 2% და 3.3%-ის კლება დაფიქსირდა.



























