მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იშვიათად მახსენდება შემთხვევა, გაზრდილი ფასი ძველ ნიშნულზე დაბრუნებულიყოს" - ხორცი 7-8%-ით გაძვირდა

საქონლის ხორცი

ქვეყანაში გაძვირებულია, როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული ხორცი. იმპორტის შემთხვევაში ხორცის საშუალო ფასი 6%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2024 წელს 1 კილოგრამი ხორცის საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე საშუალოდ 5.2 დოლარი იყო, 2025 წელს კი 5.5 დოლარი.

ადგილობრივი ფერმერები პროგნოზირებენ, რომ ბაზარზე ხორცი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მეტად გაძვირდება.

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით ხორცი ძველ ფასს აღარ დაუბრუნდება.

“აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე, სექტემბრის 20-მდე არის ძირითადად ფასზე მატება ადგილობრივ ხორცზე და ასევე დეფიციტი, მაგრამ წელს ეს პერიოდი ცოტა გაგრძელდა. მოთხოვნა ყოველთვის ზაფხულის პერიოდში იზრდება იქედან გამომდინარე, რომ იმატებს როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე ტურისტების მოთხოვნა და ტურისტების მოთხოვნა ძირითადად ჰორეკა სექტორზე გადადის.

სამწუხარო ამ რეალობაში ის არის, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მომხმარებელზე ისახება. როდესაც ძვირდება რითეილისთვის ხორცი და დღესდღეობით, დაახლოებით 7-8%-ით არის გაძვირებული, მომხმარებელთან თეფშზე პროდუქტი გაზრდილი ფასით მიდის. აქ რაც მნიშვნელოვანია არის, ის რომ, როდესაც ფასები იზრდება, უკან აღარ ჩამოდის. მე იშვიათად მახსენდება შემთხვევა, გაზრდილი ფასი უკან, ძველ ნიშნულზე დაბრუნებულიყოს.

ახლა მარხვის პერიოდი ბრუნდება და საქართველოში ხორცზე მოხმარება გარკვეულწილად რაღაც პროცენტულობით მცირდება, ტურისტების რაოდენობაც იკლებს და მოთხოვნილებაც იწევს, მაგრამ ფასი არ ჩამოვა ქვევით. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ჩვენს ბაზარზე ხდება,”- ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები