მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა|FAO

ხორცი

FAO-ს ცხოველთა რეგისტრაცია-დენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, ხორცის მწარმოებელი ფერმერები, იმპორტიორები, ქსელური მარკეტების, კერძო და საჯარო სექტორისა და სასაკლაოების წარმომადგენლები 10 ივლისს საქართველოს ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის დაფუძნებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ FAO იტყობინება.

ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს პროექტის იურიდიულმა კონსულტანტმა და მედიატორმა ასოციაციისა და საწევრო შენატანების შესაძლო მოდელები, სხვა ქვეყნებისა და ადგილობრივი სხვა ასოციაციების მაგალითები გააცნო.

"შეხვედრის ბოლოს მონაწილეები ხორცის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საუკეთესო მოდელზე შეჯერდნენ.

საქართველოს ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია მიზნად ისახავს ამ სექტორის წარმომადგენლების საუკეთესო ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამარტივებულ კომუნიკაციას ფერმერებთან, მომხმარებლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან; რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობას, პროდუქტის მიკვლევადობასა და ხორცის სექტორის მდგრად განვითარებას. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს დარგობრივი პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფას. ასოციაციის პრიორიტეტია დარგის წარმომადგენლებისთვის ფინანსურ ინსტრუმენტებზე, საინვესტიციო პროექტებსა და სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა", - წერია FAO-ს რელიზში.

FAO-ს პროექტის მენეჯერის მიხეილ სოხაძის განცხადებით, სექტორი საკმაოდ ფრაგმენტირებულია, რის გამოც მათი მიზანი ერთიანი ინტერესების ირგვლივ კონსოლიდაცია იქნება.

„ხორცის მიმწოდებლები სხვადასხვა ქვესექტორს წარმოადგენენ და ხშირად ერთმანეთის კონკურენტებიც არიან, თუმცა ყველა მათგანის საერთო მიზანი საცალო ქსელის უვნებელი და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციით მომარაგებაა. სექტორი საკმაოდ ფრაგმენტირებულია, რის გამოც ჩვენი მიზანი მათი ერთიანი ინტერესების ირგვლივ კონსოლიდაციაა. ეს მათ საერთო ენის გამონახვაში, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და არსებულ გამოწვევებზე კონცენტრირებაში დაეხმარებათ.

ამასთანავე, ასოციაციის არსებობა სახელმწიფოსაც დაეხმარება ხორცის სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ოპერატიულ რეაგირებაში. ასოციაციის შექმნისას ევროკავშირის წამყვანი გამოცდილებით ვისარგებლეთ, რაც, გვჯერა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობასა და განვითარებას.“- განაცხადა მიხეილ სოხაძემ, FAO-ს პროექტის მენეჯერმა.

ცნობისთვის, NAITS-ის პროექტს FAO ახორციელებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები