ისლანდიის ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მოლაპარაკებების განახლებაზე 2027 წლისთვის დაანონსებული რეფერენდუმი 2026 წლის აგვისტომდე გადმოსწია.
ოფიციალური რეიკიავიკის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ვაშინგტონის მხრიდან შეცვლილ საგარეო პოლიტიკას და მოკავშირე სახელმწიფოებზე გაზრდილ ეკონომიკურ წნეხს.
მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ისლანდიას ახალი ტარიფები დაუწესა, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ანექსიის მუქარა გააჟღერა, ისლანდიის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ გაჩნდა უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიების მიღების საჭიროება. ეს რესურსი კი ოფიციალურმა რეიკიავიკმა ევროკავშირში დაინახა.
ამჟამად, ქვეყანა, რომელსაც საკუთარი არმია არ ჰყავს და 1951 წლიდან აშშ-ის თავდაცვით პაქტზე სრულად არის დამოკიდებული, სტრატეგიული უსაფრთხოების ვექტორის ევროპისკენ გადატანას კრიტიკულ ამოცანად მიიჩნევს.
თავის მხრივ, ოფიციალური ბრიუსელი მიესალმა ისლანდიის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მკვეთრად დაჩქარებას. ევროკომისიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ კუნძულოვანი სახელმწიფოს დედაქალაქში, სადაც ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტიუნ ფროსტადოტირთან ინტენსიური კონსულტაციები გამართეს. იმის გათვალისწინებით, რომ ისლანდია ევროპული ეკონომიკური ზონისა და შენგენის ზონის წევრია, ქვეყანას გაწევრიანებისთვის სავალდებულო 33 სავალდებულო თავიდან 11 უკვე დახურული აქვს და სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების დასრულება სულ რაღაც ერთ წელიწადში შეუძლია. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2013 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეაფერხა, რადგან უკმაყოფილებას გამოთქვამდა თევზჭერის კვოტებთან დაკავშირებით. „ბრექსიტის“ ფაქტორის გათვალისწინებით, ეს საკითხი ისლანდიისთვის გამოწვევა აღარ არის.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ ევროპული სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანება არა ეკონომიკურ, არამედ წმინდა სტრატეგიულ-თავდაცვით მიზნებს ემსახურება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით ისლანდია მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, რაც ნიშნავს რომ ევროპულ ბაზარზე წვდომის მიღება რეიკიავიკისთვის მეორეხარისხოვანი საკითხია. ექსპერტების შეფასებით, ვაშინგტონის აგრესიული რიტორიკა, მათ შორის აშშ-ის ელჩობის კანდიდატის განცხადებები ისლანდიის 52-ე შტატად გადაქცევის შესახებ, ქვეყნის ხელისუფლებას აიძულებს, წლების წინ გაყინული პროცესი სასწრაფოდ დაასრულოს. როგორ წარიმართება მოვლენები, ამას აგვისტოში დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობა გადაწყვეტს. სავარაუდოა, რომ თუ მოსახლეობა არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეაჩერებს, მაშინ ისლანდია გაერთიანების 28-ე წევრი 2027 წლის ბოლომდე გახდება.




























