მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდია

ისლანდიაში დღეს რეფერენდუმი იმართება, რომლითაც მოქალაქეები გადაწყვეტენ, განახლდეს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

რეფერენდუმი პირდაპირ ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეხება. თუმცა, დადებითი პასუხის შემთხვევაში ისლანდია ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს განაახლებს, ხოლო საბოლოოდ გაწევრიანების საკითხზე მოსახლეობის კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება.

Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვებში საკითხი თითქმის თანაბრად იყოფა. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, მოლაპარაკებების განახლებას 51.6% ეწინააღმდეგება, მხარდაჭერა კი 48.4%-ს აქვს. შესაბამისად, შედეგის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები მიიჩნევენ, რომ წევრობა ისლანდიის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას გააძლიერებს და ქვეყნის უსაფრთხოებასაც ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.

მოწინააღმდეგეები კი ძირითადად ქვეყნის სუვერენიტეტისა და თევზჭერის ინდუსტრიის საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებამ შესაძლოა შეასუსტოს ისლანდიის კონტროლი საკუთარ თევზჭერის რესურსებზე.

ისლანდია ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ევროპის ეკონომიკური სივრცის გავლით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა აქვს. ქვეყანა ასევე ნატო-ს წევრია.

თუ რეფერენდუმზე მოლაპარაკებების განახლების მომხრეები გაიმარჯვებენ, ევროკავშირთან მოლაპარაკებები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს. საბოლოო გაწევრიანების საკითხი კი კვლავ რეფერენდუმზე გადაწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები