ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰამასის საპასუხო შეთავაზებას განიხილავს. დოკუმენტის თანახმად, ომი 60 დღით უნდა შეწყდეს, სანაცვლოდ კი ტერორისტული ორგანიზაცია ღაზაში გატაცებულ 10 ცოცხალ ტყვეს, ასევე 18 გარდაცვლილი მძევლის ცხედარს დააბრუნებს.
თავის მხრივ, ისრაელმა 200 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. ამასთან, უნდა გაიზარდოს ღაზაში შესული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა და ისრაელის ჯარმა ნაწილობრივ დატოვოს ღაზა.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართული მოლაპარაკებებისას წარდგენილ დოკუმენტს მხარს როგორც კატარელი და ეგვიპტელი, ისე ამერიკელი მომლაპარაკებლები უჭერენ, თუმცა ისრაელი ცოცხალი თუ გარდაცვლილი 50-ვე მძევლის დაბრუნებას ითხოვს. სავარაუდოდ, საპასუხო პოზიციას ნეთანიაჰუს კაბინეტი უახლოეს საათებში ან დღეებში წარადგენს.




























