აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელსა და ლიბანს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო ისრაელისა და ლიბანის მთავრობებს შორის მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრა.
განცხადების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
„აშშ-მა მიულოცა ორივე ქვეყანას ამ „ისტორიული ეტაპის“ მიღწევა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს შემდგომ მოლაპარაკებებს, ასევე ლიბანის მთავრობის გეგმას, აღადგინოს ძალის გამოყენების მონოპოლია და შეამციროს ირანის გავლენა ქვეყანაში. ვაშინგტონმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები 2024 წლის შეთანხმების ფარგლებს გასცდება და გადაიქცევა სრულმასშტაბიან სამშვიდობო შეთანხმებად. აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“ განუწყვეტელი თავდასხმებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს მიღწეული ორ მთავრობას შორის, შეერთებული შტატების შუამავლობით და არა ცალკეულად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მხარემ მხარი დაუჭირა ყველა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფის განიარაღებას და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის დაშლას ლიბანში, ასევე გამოთქვა მზადყოფნა ლიბანის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე, რათა მიღწეული იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა გაძლიერდეს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, ლიბანის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების დაცვას, ასევე მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა და კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს ურთიერთშეთანხმებულ დროსა და ადგილას.




























