ისრაელისა და ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებმა უპრეცედენტო მოცულობის, $35-მილიარდიან გარიგებას მოაწერეს ხელი. საუბარია შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ისრაელი მეზობელ სახელმწიფოს მილიარდობით დოლარის ბუნებრივ აირს ლევიათანის საბადოდან მიაწვდის.
ეს ის საბადოა, რომელში წილებსაც ამერიკული ენერგოგიგანტი Chevron-იც ფლობს. კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებას უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეთანხმების დადებას აქამდე გარე ფაქტორები უშლიდა ხელს. ეს ნაბიჯი კი არამარტო ორ ქვეყანას შორის გააღრმავებს პარტნიორობას, არამედ რეგიონსაც მოუტანს მეტ სტაბილურობას.
გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ისრაელი ეგვიპტეს 130 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს 2040 წლამდე მიაწვდის, რაც ეგვიპტეში არსებულ ენერგეტიკულ კრიზისს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და ქვეყნის დამოკიდებულებას გათხევადებულ ბუნებრივ აირზე საგრძნობლად შეამცირებს. გარიგების ოფიციალურად დამტკიცებას დადებითად შეხვდნენ Chevron-შიც, სადაც განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ლევიათანის საბადოში დიდი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებენ და მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდიან.




























