ისრაელის ხელისუფლება ღაზასა და ეგვიპტეს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნისთვის ემზადება. როგორც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კაბინეტში აცხადებენ, ორ მხარეს შორის მოძრაობა რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი, რადგან ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დარჩენილი უკანასკნელი ისრაელელი მძევლის ცხედარს მიაგნო და სამშობლოში დააბრუნა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საზღვარი ისრაელ-ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებიდან მალევე უნდა გახსნილიყო, თუმცა ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ისრაელი ყველა ცოცხალ და გარდაცვლილ ტყვეს დაიბრუნებდა. ცნობისთვის, ამჟამად, ყველა გადარჩენილი მძევალი სამშობლოშია დაბრუნებული, მოკლულთა შორის კი ღაზაში მხოლოდ ერთის ცხედარი რჩებოდა. საუბარია პოლიციის ოფიცერ რან გვილიზე, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს, მისი ნეშტი კი ღაზაში დაბრუნებისას თან წაიღეს.
როგორც უცხოური მედია წერს, ისრაელის არმიამ გვილის ცხედარს, ჩრდილოეთ ღაზაში მიანგო. ამჟამად, სამძებრო სამუშაოები ოფიციალურად დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფას სასაზღვრო გამშვები პუნქტის მალე ამოქმედდება. ცნობისთვის, აღნიშნული სასაზღვრო პუნქტი ღაზას სექტორში მცხოვრები 2 მილიონი პალესტინელისთვის ერთადერთია, რომელსაც ისრაელი არ ესაზღვრება. 2024 წლის შემდეგ ისრაელის არმიამ ის სრულად დაიკავა და ჩაკეტა. ნეთანიაჰუს მთავრობა აანონსებს, რომ გახსნის შემდეგ რაფას გამშვები პუნქტის გავლით ღაზას დატოვება მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი და არავითარი ტრანსპორტი, გარდა ჰუმანიტარულისა, არ დაიშვება.
უკანასკნელი გარდაცვლილი მძევლის ცხედრის დაბრუნებითა და რაფას გამშვები პუნქტის გახსნით, ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზა ოფიციალურად დასრულდა, რის შემდეგაც საერთაშორისო მხარეების ძალისხმევით უნდა დაიწყოს შემდგომი, მეორე ფაზა. საუბარია ეტაპზე, როცა ისრაელის ჯარები ეტაპობრივად, სრულად დატოვებენ ღაზას სექტორს, ჰამასი კი იარაღს დაყრის და მართვის სადავეებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებულ ახალ ადმინისტრაციას გადააბარებს.




























