მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ჰეზბოლას” აკისრებს

ისრაელი

27 ივლისს ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმაზე ისრაელის მთავრობა პასუხისმგებლობას ლიბანურ დაჯგუფება “ჰეზბოლას” აკისრებს და საპასუხო ცეცხლისთვის ემზადება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, აცხადებს, რომ ისრაელში დღესვე დაბრუნდება და უსაფრთხოების უწყებებთან ერთად საპასუხო იერიშს განიხილავს.

ისრაელის მიერ ანექსირებულ გოლანის მაღლობზე, საფეხბურთო მოედანზე საჰაერო შეტევას შაბათ საღამოს 12 ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმამდე “ჰეზბოლამ” პასუხისმგებლობა აიღო ისრაელის სამხედრო ბაზების დაბომბვაზე, თუმცა სტადიონზე მომხდარ თავდასხმაში საკუთარ პასუხისმგებლობას კატეგორიულად უარყოფს.

თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, ირანული წარმოების რაკეტები, რომლებიც გოლანის მაღლობზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ტერორისტული დაჯგუფებებიდან არსენალში მხოლოდ “ჰეზბოლას” აქვს. ისრაელი ასევე აცხადებს, რომ შეტევა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელდა.

ლიბანური მხარე აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე დილიდან რამდენიმე საჰაერო თავდასხმა მოხდა, რასაც ებრაული მხარეც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დასაწყებად უსაფრთხოების კაბინეტის თანხმობაა საჭირო.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და შოკისმომგვრელს უწოდებს.

"მე მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ამ მიუღებელი ინციდენტის შესახებ.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები