ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა აპირებს, გახდეს პირველი, ვინც მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს Covid-ვაქცინის მე-4 დოზით აცრის. ამის მიზეზი მსოფლიოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის ფართო გავრცელებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ექსპერტების რეკომენდაციით, მეოთხე ბუსტერ-დოზა 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებს და ჯანდაცვის მუშაკებს გაუკეთდებათ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 340 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.
რაც შეეხება მეოთხე დოზის მიღების ვადებს, ისრალის ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციით, მოქალაქეებმა ის პირველი გამაძლიერებელი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზის მიღებიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
ამ დროისთვის, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით ისრაელის 9,3 მილიონიანი მოსახლეობის 63%-ია აცრილი. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ ისრაელი შედარებით ახალგაზრდა ქვეყანაა - მისი მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედი 14 წლამდე ასაკისაა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,36 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, დაახლოებით, 8,200-ია.




























