ისრაელი საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ყოველგვარ თანამშრომლობას აჩერებს და პარიზისგან სამხედრო პროდუქციის შესყიდვას სრულად წყვეტს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, მაიორ-გენერალმა ამირ ბარამმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარიზის მხრიდან ისრაელის მიმართ გატარებული "მტრული პოლიტიკის" პასუხია. მისი თქმით, ქვეყანა ფრანგულ ნაწარმს ადგილობრივი წარმოებით ან მეგობარი სახელმწიფოების პროდუქციით ჩაანაცვლებს.
ისრაელის თავდაცვის უწყებამ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს უკვე აცნობა, რომ მასთან შეხვედრის გამართვას არ გეგმავს და ფრანგულ მხარესთან ყოველგვარ პროფესიულ კავშირს წყვეტს. ექსპერტების შეფასებით, ამ ნაბიჯის პრაქტიკული გავლენა მცირე იქნება, რადგან საფრანგეთი და ისრაელი გლობალურ ბაზარზე კონკურენტები არიან და მათ შორის თავდაცვის სფეროში ვაჭრობის მოცულობა ისედაც დაბალი იყო. მაგალითად, 2024 წელს საფრანგეთმა ისრაელზე მხოლოდ €76.5 მილიონი ევროს ($83 მლრდ.) ღირებულების ექსპორტის ლიცენზია გასცა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარიზმა ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციები მკაცრად დაგმო და პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა. ამას გარდა, საფრანგეთმა ისრაელურ კომპანიებს უმსხვილეს საერთაშორისო სამხედრო გამოფენაში მონაწილეობა აუკრძალა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური ბოიკოტის მიუხედავად, უკვე გაფორმებული კონტრაქტები ძალაში დარჩება, ხოლო კერძო კომპანიებს შორის ბიზნესგარიგებები კვლავ შესაძლებელი იქნება.




























