ისრაელი თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას ეხმაურება. შესაბამისი გამოხმაურება საქართველოში ისრაელის საელჩომ გამოაქვეყნა.
"მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით.
რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?", - წერია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ანძა ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით ირანის დროშის ფერებში გაანათეს.




























