მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ირანში ავტოექსპორტის ბუმია - ექსპორტირებულია $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები, ზრდა 78,458%-ია

მანქანა ავტოექსპორტი ავტომობილი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის - 119 მილიონი დოლარის ღირებულების 6,749 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 7 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 151 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 78,458%-ით გაიზარდა.

ამ მაჩვენებლით ირანმა პირველად საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ.

ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რის შედეგადაც ირანში ტრადიციული საზღვაო გზით ავტოიმპორტი შემცირდა, როგორც ირკვევა, აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ საქართველოდან გააქტიურებული რეექსპორტით დაბალანსდა.

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ავტოექსპორტის მაჩვენებლები:

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 ყირგიზეთი $498 13,140 $38 -34%
2 ყაზახეთი $249 16,031 $16 -42%
3 ირანი $119 6,749 $18 78458%
4 აზერბაიჯანი $106 3,153 $33 -26%
5 ტაჯიკეთი $61 3,512 $17 25%
6 სომხეთი $51 1,855 $27 63%
7 უზბეკეთი $28 1,283 $22 -4%
8 თურქმენეთი $11 779 $14 15%
9 მოლდოვა $8 573 $14 75%
10 არაბთა გაერთიანებული საამიროები $8 45 $173 24%

მთლიანობაში 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან უცხოეთში 1.16 მილიარდი დოლარის ღირებულების 48,314 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ეს მოცულობა 318 მილიონი დოლარით, ანუ 21.5%-ით არის შემცირებული.

კლება ძირითადად დაკავშირებულია ყირგიზეთის; ყაზახეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებასთან, რის სანაცვლოდაც საქართველოს ავტოდილერებმა გადაზიდვები ირანის მიმართულებით გააქტიურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები