ისრაელის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ტურისტები სავარაუდოდ 1 ნოემბრიდან დაიშვებიან, ამასთან პირველ ეტაპზე ისინი შემოსვლას მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ისრაელის მთავრობა ქვეყანაში შესვლის მთავარ პირობად ვაქცინაციას ასახელებს ანუ ტურისტი სრულად უნდა იყოს აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და ამავე დროს ბოლო დოზის მიღებიდან გასული არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი, ხოლო ის პირები, რომელთა სრულად ვაქცინაციის შემდეგ აღნიშნული დრო უკვე გავიდა, მოუწევთ გაიკეთონ ეგრეთ წოდებული "ბუსტერ" დოზა.
მეორე ეტაპზე ისრაელი უკვე განიხილავს ტურისტების მიღებას აშშ-დან, ხოლო 21 ნოემბრიდან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს იმედი აქვს, რომ ყველა ვაქცინირებული ტურისტის მიღებას შეძლებენ გარდა იმ ქვეყნებისა, საიდანაც ისრაელში მოსახვედრად ვიზაა საჭირო.
გამოცემა წერს, რომ გეგმის მიხედვით, ისრაელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინით აცრილ პირებს მიიღებს, მათ შორის ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ დაიშვებიან რუსული Sputnik-ით აცრილი მოქალაქეები.