მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების 2022 წლის მონაცემი უნდა დაკორექტირდეს - გიორგი ბრეგაძე

645a5f993893a
თელარა გელანტია
09.05.23 22:00
826
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში კვლევისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი, PMCG-ის უფროსი კონსულტანტი და კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი გიორგი ბრეგაძე საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების დათვლის მეთოდოლოგიაში ცვლილების შეტანას უწონებს.

ამასთან, მიაჩნია, რომ საერთაშორისო მოგზაურობიდან შარშანდელი მონაცემებიც უნდა დაკორექტირდეს.

საქმე ის არის, რომ სებ-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან $3,5 მილიარდის შემოსავალი მიიღო. წელს, I კვარტალში კი - $795 მილიონი. ლიდერი რუსეთია - რუსეთიდან ვიზიტორებმა 266 მლნ დოლარი დახარჯეს.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დახარჯული თანხა ალბათ ბევრად დიდი იქნებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გრძელვადიანად საქართველოში მყოფი რუსების და ასევე უკრაინელების დანახარჯები აღარ გაითვალისწინოს ტურიზმის დანახარჯებში - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგია.

„2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35,5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. ანალოგიურად შეფასდა, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 23,7%. ამდენად, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“, - განმარტავს ეროვნული ბანკი.

აღსანიშნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მოგზაურთა დანახარჯების ადეკვატურად შეფასებისათვის მეთოდოლოოგია შეცვალა. კერძოდ, შარშან რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეების ტურისტული დანახარჯების დასათვლელად აიღო არა ომამდელ პერიოდებში მათი ერთი ვიზიტის საშუალო არამედ მოგზაურთა მიერ საქართველოში გატარებული დღეები, რადგან ომის შემდეგ ამ ქვეყნებიდან მოქალაქეები ტრადიციულაზე უფრო დიდხანს რჩებოდნენ.

„ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლა ვერ ვიტყვი, რომ დროული იყო, მაგრამ სწორი და აუცილებელი იყო და მივესალმები. ამასთან, ჩემი აზრით, სებ-მა წინა წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მთლიანი მონაცემიც უნდა დააკორექტიროს, რადგან თუ წელს, I კვარტალში ვაღიარეთ, რომ მიგრანტების მიერ დახარჯული თანხა არ უნდა ითვლებოდეს საერთაშორისო მოგზაურების შემოსავლებში, მაშინ გამოდის, რომ წინა წელს შემოსავლების სტატისტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობიდან დავითვალეთ. გარდა ამისა, გაუგებარი იყო მეთოდოლოგიის შარშანდელი ცვლილება, რომელიც რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების დანახარჯების უკეთესად აღრიცხვას ისახავდა მიზნად (ვიზიტზე საშუალო დანახარჯის ნაცვლად დღეში ხარჯების შეფასებაზე გადასვლა). გამოდის, რომ შარშან მიგრანტების სტატისტიკაში გამოტოვების ნაცვლად, პირიქით უკეთესად ავღრიცხეთ“, - განმარტა გიორგი ბრეგაძემ.

PMCG-ის უფროსი კონსულტანტის აზრით, ზოგადად, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების დათვლის მეთოდოლოგია აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს არა უცხოელი მოქალაქეების სტატისტიკას, არამედ არარეზიდენტების სტატისტიკურ მონაცემებს.

„მთავარი რეკომენდაციაა, რომ მთლიანად საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა დაფუძნებული იყოს არარეზიდენტების კონცეფციაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს კვლევებიდან. მაგალითად, საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ საქსტატის ყოველკვარტალურ კვლევაში შეიძლება შევიდეს კითხვა - გეგმავს თუ არა ან უკვე დარჩა თუ არა ერთ წელზე მეტ ხანს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით უნდა დაკორექტირდეს თითოეული ქვეყნის არარეზიდენტის რაოდენობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა საქსტატის საერთაშორისო ვიზიტორების კვლევიდან მიღებული ქვეყნების საშუალო დანახარჯები გაითვალისწინოს და და საკუთარ შეფასებებში ცვლილებები უფრო ხშირად შეიტანოს“, - აღნიშნა გიორგი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები