„მართალია, მიზანი გვაქვს, რომ გავზარდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების წილი, მაგრამ ყველაფერს ძველებურად ვაკეთებთ”, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში კვლევისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად კი, PMCG-ის უფროსმა კონსულტანტმა და კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა გიორგი ბრეგაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურიზმის აღდგენის დინამიკის და ტურისტების გეოგრაფიის შეფასებისას განაცხადა.
2023 წლის I კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემების 95.8%-ია. TOP-15 ქვეყანაში, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ლიდერია რუსეთი. ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა შედის. 15-ეულში კი, გერმანია და პოლონეთი მოხვდა, საიდანაც ტურისტების აღდგენის დინამიკა მზარდია.
„როცა ახალი მიზანი გაქვს, მის მისაღწევად რაღაც უნდა შეცვალო“, - ამბობს ის. „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ბრეგაძემ გაიხსენა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდი, როდესაც საქართველოსთვის სამიზნე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტული წარმომადგენლობების გახსნა იგეგმებოდა.
„იგეგმებოდა უცხოური კომპანიების დაქირავება ჩვენთვის სამიზნე ევროპულ ქვეყნებში, სადაც ეს კომპანიები იმუშავებდნენ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, გაზრდიდნენ საქართველოს ცნობადობას, რაც ამ ქვეყნებიდან უფრო მეტი ვიზიტორის შემოდინებას გამოიწვევდა. ამ პროექტზე, დონორების დახმარებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ეს მეთოდი ახლაც საკმაოდ პერსპექტიული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია ამ საკითხს დაუბრუნდება“, - თქვა გიორგი ბრეგაძემ.
უფრო ეფექტიანი მარკეტინგის კამპანიების წარმოების აუცილებლობაზე საუბრისას, PMCG-ის უფროსმა კონსულტანტმა ასევე ხაზი გაუსვა ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის დანერგვის და მონიტორინგის მნიშვნელობას.
„წარმატება უნდა იზომებოდეს არა იმით, რამდენად აღდგა და ტურისტული ვიზიტები, რადგან აღდგენა და უფრო მეტიც ზრდა შეიძლება იყოს ისეთი ქვეყნებიდან, რომელიც ჩვენთვის საინტერესო არაა და თან ამაში ჩვენი წვლილი არაფერია. მაგალითად, ტურიზმის ადმინისტრაციის გუნდმა კონკრეტულად უნდა დაისახოს მიზანი, ევროკაშირის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რა ნიშნულის მიღებას ველოდებით და ამის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ ყოველწლიური მარკეტინგული გეგმა, რომელზეც ასევე მიმდინარეობდა მუშაობა. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად გავხდეთ ანგარიშვალდებული ჩვენს საქმიანობაზე. მარკეტინგული გეგმის შედგენა გულისხმობს იმას, რომ ყოველწლიურად დასაბუთდეს, რომელ ქვეყანაში ვაპირებთ მარკეტინგული კამპანიების ჩატარებას, რა მეთოდებით, რა სტატისტიკური მონაცემები არსებობს ამ ქვეყნების მიამრთულებით, რა ნიშნულზე გვინდა ასვლა და შემდეგ უნდა მოხდეს მონტორინგი და შეფასება - რა შედეგეს მივაღწიეთ, ან თუ ვერ მივაღიწეთ - რატომ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალ წელს განსხვავებულად. ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში გაწერილია მარკეტინგული გეგმების შედგენა და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, - თქვა გიორგი ბრეგაძემ.
საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის 2023 წლის ბიუჯეტი ₾27 მილიონია.