მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელიდან ჯავშნების გაუქმება დაიწყო, რაც განსაკუთრებით ბათუმს დაარტყამს - "რუმს ჰოლდინგი“

დდ

კომპანია "რუმს ჰოლდინგის“ დირექტორის ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ისრაელ-ჰამასის ომის გამო, საქართველოში ისრაელის მოქალაქეებმა სასტუმროებში ჯავშნების გაუქმება უკვე დაიწყეს.

როგორც მან VMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ეს ფაქტი განსაკუთრებით ბათუმში მდებარე სასტუმროებზე აისახება.

"რუმს ჰოლდინგის“ შემთხვევაში, ისრაელიდან ვიზიტორებს ძალიან დიდი წილი, დაახლოებით 20%, ეკავა. ახლა წამოვიდა ჯავშნების გაუქმებები, რადგან ისრაელიდან მომავალი ძირითადად ორგანიზებული ჯგუფებია და ეს ძალიან დაარტყამს ბათუმს, რაც უკვე აისახა“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებით ცდილობს კომპანია ისრაელის ბაზრის ჩანაცვლებას, მას უპასუხა, რომ ასეთი ჩინეთის და ინდოეთის ბაზრებია.

„ვცდილობთ სწრაფად ჩავანაცვლოთ და რაღაცა დონეზე მოვიზიდოთ სხვა სეგმენტი, მაგალითად გალფის ქვეყნები და ჩინეთი შეიძლება სწრაფად ჩანაცვლებადი იყოს, რადგან ისინი ევროპელებივით, ერთი წლით ადრე არ გეგმავენ მოგზაურობას და უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას.

ასევე ინდოეთის მიმართულებაც საინტერესოა - ისინი სადაც კარგ ფასს და წინადადებას მიიღებენ, იქ გეგმავენ მოგზაურობას. თუმცა ინდოეთს თავისი პლუსები და მინუსები აქვს, ზუსტად უნდა გვესმოდეს რომელ ქალაქში მივდივართ და აქცენტს რომელ სეგმენტზე ვაკეთებთ.

ჩვენი ჯგუფი ასე მარკეტინგს არ ვგეგმავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა ბიზნესებისთვის, ასევე ჩვენთვის ამ სწრაფ ჩანაცვლებაში ინდოეთის ბაზარი საინტერესო იქნება“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

მისივე თქმით, კომპანიას კომუნიკაცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან ჰქონდა და მათი მხრიდან სწრაფ ჩანაცვლებაზე დახმარების მზაობა მიიღეს:„კონკრეტული პროექტი მათთვის არ შემითავაზებია, მაგრამ ვმუშაობთ და იმედი მაქვს ერთად უმტკივნეულოდ გადავივლით ისრაელიდან ტურისტების ჩანაცვლებას და დარწმუნებული ვარ უახლოს მომავალში კარგი ხელშეწყობა იქნება“.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 9 თვეში ისრაელიდან 182 651 ვიზიტი განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელთან შედარებით ზრდა 17.5%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები