ჰამასის წინააღმდეგ ომის ფონზე, ისრაელის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის ისრაელის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც 0.7%-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.
შემცირებულია მომავალი წლის პროგნოზიც. წინასწარი გათვლებით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.6%-ით გაიზრდება, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.
ისრაელის მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის გადახედვას და სამხედრო ხარჯების გაზრდას გეგმავს. ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ჰამასის წინააღმდეგ ომის წარმოება ქვეყანას დამატებით 14 მილიარდი დოლარი დაუჯდება, რაც მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტის გასამმაგებას გამოიწვევს.
ისრაელის ცენტრალური ბანკი წინასწარი გამოთვლებით, ჰამასთან ბრძოლა ისრაელს დაახლოებით 53 მილიარდ 400 მილიონი დოლარი უჯდება. უნდა აღნიშნოს, რომ ეს რიცხვი არ მოიცავს ფინანსთა სამინისტროს მიერ დასახელებულ $14-მილიარდიან კორექციას, ანუ საერთო ხარჯები, სავარაუდოდ, 67 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
მთავრობის პროგნოზით, საომარი ხარჯები 2025 წლამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე ნეგატიურად აისახება.