მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მოდელი საქართველოსთვის - რატომ არის მნიშვნელოვანი ინ-ვიტრო განაყოფიერების დაფინანსება?

ქეთი გოცირიძე

ქართული რეპროდუქციული მედიცინა მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა დარგის შემდგომი განვითარებისა და ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ეროვნული სტანდარტების დახვეწა და სტრატეგიული სახელმწიფო მიდგომების დანერგვა - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტის" ეთერში "ჩაჩავას კლინიკის" მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა, ქეთი გოცირიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ინ-ვიტრო განაყოფიერებას ქვეყნის დემოგრაფიაში მნიშვნელოვანი წილი უკავია, განსაკუთრებით საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის.

"რა თქმა უნდა, ამინდს ვერ ქმნის ინ-ვიტრო განაყოფიერება, თუმცა პატარა ქვეყნისთვის და ჩვენი დემოგრაფიისთვის, თითოეული შეუსრულებელი ორსულობა და სამედიცინო მიზეზით დაუბადებელი ბავშვი დიდი დანაკლისია.

დემოგრაფიასთან რომ მჭიდრო კავშირი აქვს ინ-ვიტრო განაყოფიერებას, ამაზე შეიძლება ისრაელის მაგალითით ვისაუბროთ: ისრაელმა თავისი დემოგრაფიული პოლიტიკის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ დაეფინანსებინა ინ-ვიტრო განაყოფიერების იმდენი ციკლი, რამდენიც საჭირო იქნებოდა, სანამ ოჯახში ორი ბავშვი არ გაჩნდებოდა. ეს ნამდვილად აისახება მათ შობადობაზე და ეს იყო სტრატეგიული და მისაბაძი გადაწყვეტილება.

როდესაც დაფინანსებაზე მიდგება საქმე, ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურაა, თუმცა ამაში ინვესტირება არ ნიშნავს ერთ პროცედურაში ინვესტირებას - ეს ნიშნავს თაობაში ინვესტირებას", - აღნიშნა რეპროდუქტოლოგმა.

ქეთი გოცირიძემ ხაზი გაუსვა დარგში ეროვნული რეესტრის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯები სწორედ ზუსტ ანალიტიკას უნდა დაეყრდნოს.

"მისასალმებელია, რომ ეროვნული რეესტრი შეიქმნა და პირველი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა ყველაფერ ახალს თან ახლავს ხარვეზები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, და ყველანი მოტივირებული ვართ, რომ ვეთანამშრომლოთ სამინისტროს, დაიხვეწოს ეს რეესტრი. სწორედ ეროვნული რეესტრი უნდა გახდეს ის ბერკეტი და მექანიზმი, რომელიც მოგვემს საშუალებას, გაკონტროლდეს არსებული სიტუაცია და გადაწყვეტილებები მიღებული იქნეს მონაცემებზე და არა მოსაზრებებზე დაყრდნობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გოცირიძემ.

ქეთი გოცირიძის განცხადებით, სამედიცინო ხარისხთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს მკაცრად განსაზღვრა ეროვნულ დონეზე.

"ჩვენი და სხვა მოწინავე კლინიკების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ეროვნული სტანდარტების არარსებობისა, ჩვენ გვაქვს შიდა პოლიტიკა და სტანდარტები, რომლებითაც ბევრი წელია ვხელმძღვანელობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ ეს სტანდარტები განზოგადდეს ეროვნულ დონეზე.

ამ სამედიცინო სტანდარტებს დავამატებდი სამართლებრივ და ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც ასევე ძალიან ყურადღებასაღებია. არსებული პრობლემების საფუძველი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები მკაცრად არის დასადგენი და შემდგომ საკონტროლებელი.

ეს უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს პაციენტის უსაფრთხოება, ასევე სუროგატი დედების უფლებები და მათი ჯანმრთელობა", - განაცხადა ქეთი გოცირიძემ.

"ჯანდაცვის სტანდარტის" ეთერში საუბარი სამედიცინო ტურიზმსა და ადგილობრივი პაციენტების მომსახურებას შორის არსებულ ბალანსსაც შეეხო. გოცირიძის თქმით, მცდარია მოსაზრება, თითქოს უცხოელი პაციენტების ნაკადი საქართველოს მოქალაქეებისთვის სერვისის მიწოდებას ხელს უშლის.

"დიდი წილი მოდის უცხოელ მოქალაქეებზე, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე მხრივ წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქალაქეებისთვის სერვისის გაწევასთან. პირიქით, სწორედ სამედიცინო ტურიზმის დამსახურებაა ის, რომ კლინიკებმა ასე ავწიეთ თამასა, ასე გავზარდეთ სტანდარტები. საქართველოს მოქალაქეებისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერების ფასი, ვფიქრობ, 5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. კლინიკები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ითვალისწინებენ.

ყოველდღიურად ვხვდებით უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც იღებენ ჩვენს სივრცეში ამ სამედიცინო მომსახურებას და გაოცებულებიც კი არიან იმ მაღალი სტანდარტებით, გამოცდილებითა და ტექნოლოგიური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებით, რომელსაც მათ ვაჩვენებთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწინავე კლინიკები არაერთ ევროპულ ძლიერ კლინიკას არა მხოლოდ კონკურენციას უწევს, არამედ უკანაც კი იტოვებს", - აღნიშნა "ჩაჩავას კლინიკის" ექიმმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები