ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დამფუძნებელ ლიკა ჭყონიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც უნდა აიკრძალოს, უმძიმესი დარტყმა იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილის ყოლის სხვა გზა არ აქვთ.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ სუროგაციის აკრძალვა მძიმედ აისახება როგორც ქალებზე, ისე მამაკაცებზე, რომელთა მეუღლეებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ნაყოფის ტარება და მშობიარობა.
“სუროგაცია არა - ახირება, არამედ სამედიცინო აუცილებლობაა”
მისივე შეფასებით, სუროგაცია არა - ახირება, არამედ სამედიცინო აუცილებლობაა.
[სუროგაციის აკრძალვა იქნება მძიმე არა მარტო ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც, ვის მეუღლეებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, თვითონ იყვნენ ფეხმძიმედ და გააჩინონ ბავშვი; ასეთი ოჯახები საკმაოდ ბევრია. განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, ფინანსურად ძალიან შეჭირვებული ადამიანებიც კი იმისთვის, რომ შვილი გააჩინონ, კაპიკ-კაპიკ აგროვებენ თანხას. ასეთი პაციენტებიც გვყოლია და ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით მათ. სუროგაციის ჩართვა აუცილებელი ხდება სწორედ სამედიცინო პრობლემების მოსაგვარებლად და არ არის ეს რაღაც ახირება. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, მხოლოდ ისეთი ადამიანები მივიღოთ სამკურნალოდ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სხვა შანსი არა აქვთ, რომ ჰყავდეთ თავიანთი შვილი“, - ამბობს „რეპროარტის“ დამფუძნებელი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებას იმის შესახებ, რომ სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელია, ლიკა ჭყონია არასაკმარის და არაწონიან არგუმენტად მიიჩნევს მაშინ, როცა შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.
"რა თქმა უნდა, არ არის წონიანი არგუმენტი. გინდაც 1% იყოს საქართველოს მოქალაქე, რატომ უნდა ავუკრძალოთ საქართველოს მოქალაქეს [სუროგაციის გზით შვილის გაჩენა?] თუ ვთქვათ ამას არგუმენტად მოვიტანთ, რომ 2%-ია მარტო, ის 2% რამდენი ადამიანია?!", - აღნიშნა ჭყონიამ.
იმუშავებს თუ არა ე.წ. „უანგარო სუროგაციის“ მოდელი საქართველოში?
ჟურნალისტი კითხვაზე - რამდენად რეალისტურია საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის მხოლოდ უანგარო პრინციპით დატოვება, რაც 2023 წლის კანონპროექტით განიხილებოდა, ლიკა ჭყონია პასუხობს, რომ მსგავსი მოდელი პრაქტიკაში არ მუშაობს.
"სუროგაციის უანგარო მოდელი ალბათ არ იმუშავებს; ამას არ უმუშავია არცერთ ქვეყანაში. ყველა ქვეყანაში, სადაც კი არსებობს სუროგაცია, არსებობს გონივრული თანხა, რომელსაც იღებს სუროგატი თავისი დროის გაცდენის, დისკომფორტის და სხვა ფაქტორების გამო. ეს თანხა ზოგ ქვეყანაში განსაზღვრულიც კი არის - რა არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება, რომ პაციენტმა სუროგატს გადაუხადოს“, - განმარტა მან.
რა მოხდება თუ სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც აიკრძალება
რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ სუროგაციის სრულად აკრძალვის შემთხვევაში, შეძლებული ქართველი წყვილები იძულებულნი გახდებიან, სამკურნალოდ უცხოეთში, მათ შორის მეზობელ სომხეთში წავიდნენ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2023 წელს, როდესაც საქართველოში პირველად გაჟღერდა აკრძალვის ინიციატივა, სომხეთმა საკანონმდებლო შეზღუდვები მყისიერად შეარბილა და პაციენტების ნაკადიც გაიზარდა.
"სუროგაციის „შავი ბაზრის“ იდეა ვერ წარმომიდგენია - არ მესმის, ამ სიტუაციაში ეს როგორ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანას დატოვებენ და აუცილებლად წავლენ [სხვა ქვეყანაში] სომხეთმა მაშინვე ბევრი რამ შეცვალა თავის რეგულაციებში, როგორც კი საქართველოში აკრძალვის შესახებ პირველად გაჟღერდა - 2023 წელს მათ გახსნეს არაერთი მიმართულება, რაც მანამდე სუროგაციისა და, ზოგადად, ინ-ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობისას დახურული ჰქონდათ. შესაბამისად, სომხეთში პაციენტების რაოდენობაც ნელ-ნელა გაიზარდა“, - განაცხადა ლიკა ჭყონიამ.
"სამედიცინო სექტორს ჯანდაცვის სამინისტროსგან ინფორმაცია არ ჰქონია"
“რეპროარტის” დამფუძნებელმა “წერტილთან” ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორი თავად ითხოვდა დარგის მკაცრ რეგულირებას, ახალი კლინიკების გახსნაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და უცხოური სააგენტოების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას, თუმცა რეგულაციების გამკაცრების ნაცვლად ხელისუფლებისგან სრული აკრძალვის ინიციატივა მიიღეს.
მისივე განცხადებით, სამედიცინო სექტორს ჯანდაცვის სამინისტროსგან წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც სუროგაციის აკრძალვის შესახებ პირველად მედიით შეიტყო.
"არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ტელევიზორს თუ უყურებო. არ ვუყურებდი; გადავახვიე და მოვისმინე... ყველა ვართ შოკირებული და გაკვირვებული - ყველასთვის არის ისეთი ახალი ამბავი, რომელსაც არანაირად არ ველოდებოდით“, - აღნიშნა „რეპროარტის“ დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ: მმართველმა პარტიამ სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა - ამჯერად, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი, შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ირაკლი კირცხალიამ ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველმა გუნდმა სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა გააჟღერა. „ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული“, - ამბობდა 2023 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. BMG-ის ციფრული არქივი მაშინ შემუშავებულ კანონპროექტსაც ინახავს. პარლამენტში განხილვებიც დაიწყო, თუმცა პროცესი შუა გზაში შეწყდა.
იმდროინდელი ინიციატივა სუროგაციის სერვისის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენარჩუნებას, ოღონდ მხოლოდ უანგარო პრინციპით ითვალისწინებდა ანუ სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება იზღუდებოდა. გარდა ამისა, 2023 წელს „ოცნება“ ინ-ვიტრო განაყოფიერების დატოვებასაც მხოლოდ ქართველებისთვის აპირებდა, დღეს კი მიიჩნევენ, რომ ეს სერვისი უცხოელებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
























