საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე აცხადებს, რომ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადებისას საკითხი "კომისიურად" და სიღრმისეულად იქნება შესწავლილი. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, 22 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის სრულად აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე შეზღუდვა არ გავრცელდება.
„პროცენტულად მცირეა, მაგრამ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც [სუროგაცია მშობლობის ერთადერთი გზაა]. როდესაც კანონპროექტისა და ნორმატიული აქტის მომზადების პროცესი დაიწყება, ალბათ რაღაც გათვალისწინებული იქნება - მე ვერ გეტყვით... ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე საფუძვლიანად შეფასდება“, - აცხადებს ლადო კახაძე.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედობა ყველა ქალის უმთავრესი მისიაა, სუროგაციის კეთილშობილური იდეა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა და კომერციალიზაციამ დააზიანა, რამაც მწვავე სოციალური და ზნეობრივი გამოწვევები შექმნა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი წინასწარ ცალსახა პოზიციის დაფიქსირებას ერიდება, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონშემოქმედება დოგმა არ არის და ნორმატიული აქტის შემუშავებისას, შესაძლოა, დასაბუთებული გამონაკლისებიც იყოს გათვალისწინებული.
ინტერვიუ ლადო კახაძესთან
- ხელისუფლებამ სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა. ამ ინიციატივამ სამედიცინო სფეროსა და საზოგადოებაში არაერთი კითხვა და შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით იმ წყვილების მხრიდან, რომელთათვისაც სუროგაცია შვილის ყოლის ერთადერთი გზაა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
- ვიცი, რომ ეს საკითხი უკვე დაყენებულია. ის კომისიურად, ყველა დონეზე უნდა იყოს შესწავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ მომზადდება ნორმატიული აქტი, რომლის განხილვაშიც ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: ყველა ქალი, ყველა ასული უფალმა იმისთვის დაბადა, რომ დედობა გამოაცდევინოს - ეს უფლისმიერი მისიაა. ამ მიზნის მისაღწევად მეცნიერებამ ყველაფერი გააკეთა და ინ-ვიტრო განაყოფიერება, რომელიც ყოველმხრივ ხელშეწყობილი უნდა იყოს, როგორც ვიცი, კვლავ ძალაში რჩება. სახელმწიფო ყოველთვის გვერდით დაუდგება ამ დიდებულ მეთოდს, რათა დედისა და მამის საერთო სიხარული ოჯახის ბედნიერების ნიმუშად იქცეს.
რაც შეეხება სუროგაციას, ეს ძალიან რთული თემაა. მსოფლიოში სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა, სადაც ეს პრაქტიკაა დაშვებული, დანარჩენი მსოფლიო კი მას არ იყენებს, რადგან, სამწუხაროდ, დიდი საფრთხის შემცველი გამოდგა. სიღრმისეულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ერთი მხრივ, ეს კეთილშობილური ზრახვა არასწორად იქნა გამოყენებული; მეთოდი ცუდ ხელში და ცუდ გარემოში აღმოჩნდა, რამაც ურთულესი სოციალური, მორალური და ზნეობრივი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. საქართველო გამოყენებული იქნა... მაგრამ არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო - კვლევის პროცესში გამოიკვეთება ის ძირითადი არსი, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში აკრძალვის საკითხი.
- სამედიცინო საზოგადოება მიიჩნევს, რომ სუროგაციის სრულ აკრძალვას სჯობს მკაცრი რეგულირება და მკაფიო წესების დადგენა, რათა პროცესმა იატაკქვეშეთში არ გადაინაცვლოს. გარდა ამისა, ბევრი ქალისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სუროგაცია მშობლობის ერთადერთი რეალური გზაა. როგორც დეპუტატი და ექიმი, ემხრობით სუროგაციის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც აკრძალვას, თუ სახელმწიფომ გამონაკლისები უნდა დაუშვას?
- სწორად აღნიშნეთ - პროცენტულად მცირეა, მაგრამ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც [სუროგაცია მშობლობის ერთადერთი გზაა]. როდესაც კანონპროექტისა და ნორმატიული აქტის მომზადების პროცესი დაიწყება, ალბათ რაღაც გათვალისწინებული იქნება - მე ვერ გეტყვით... ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე საფუძვლიანად შეფასდება, რათა დედობის დიდი მისია მაქსიმალურად იყოს ხელშეწყობილი. არ მინდა წინასწარ რაიმე ისეთი ვთქვა; ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველი ჩემი სიტყვა შეიძლება საჯილდაო ქვად იქცეს, ამიტომ სულ ვცდილობ, მოვლენებს წინ არ გავუსწრო, სანამ პროცესი ძალას არ აიკრებს.
- როგორც ერთი დეპუტატი და ექიმი, რას ფიქრობთ - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც უნდა აიკრძალოს სუროგაციის შესაძლებლობა?
- ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, სამწუხარო ფაქტია, რომ კეთილშობილი საქმე ისევ ადამიანებმა და არაკეთილსინდისიერებამ გააფუჭა. ჩემი ახალგაზრდობის წლები სწორედ იმისთვის ბრძოლაში გავატარე, რომ ყველა ქალი დედა გამხდარიყო. ჭკვიანმა მეცნიერებმა გაკვალეს გზა და დიდებული საქმე გააკეთეს, მაგრამ მომდევნოებმა ეს კომერციალიზაციაში გადაიტანეს, შეურაცხყვეს მეთოდი და დღეს სიტყვა „სუროგაცია“ ბევრს ცუდად ხვდება ყურს. უამრავი კითხვა არსებობს და ღმერთმა ნუ ქნას, გარეთ გამოვიდეს ყველა ის უბედურება, რაც ამ სფეროში ტრიალებს, ამიტომ მოვერიდები წინასწარ დეტალებში შესვლას.
- როგორც ვხედავ, ერიდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის აკრძალვის თემაზე ცალსახა პოზიციის დაფიქსირებას...
- ჩემი აზრი დედამიწის ზურგზე ყველამ იცის: ჩემთვის ყველა ასული პოტენციური დედაა, რადგან მას თავად უნდა ჰყავდეს საკუთარი შვილი. დედამ სხვას გაუჩინოს შვილი - ეს ძალიან რთული თემაა, რასაც ახლა, ამ ფორმატში, ბოლომდე ვერ განვმარტავ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან დედას უდიდესი რესურსი გააჩნია. მართალია, არსებობს გამონაკლისებიც - როდესაც განვითარების პროცესში ასული ისეთი დიდი პრობლემების წინაშე დგება, რომ საკუთარი რეპროდუქციული ფუნქციის შესრულება აღარ ხელეწიფება. სწორედ ამიტომ გაერთიანდა მთელი მსოფლიო და მეცნიერები, რომ ასეთ შემთხვევებში დავხმარებოდით ადამიანებს, თუმცა ეს მეთოდი კომერციალიზაციის მიზნით ძალიან ცუდად გამოიყენეს.
კეთილშობილი საქმეა მედიცინაც და ცუდად ვიყენებთ; კეთილშობილი საქმეა ჟურნალისტიკა და ცუდად გამოიყენეს. კეთილშობილი საქმეა პოლიტიკა და ცუდად გამოვიყენეთ. კეთილშობილი საქმეა განათლება და ცუდად გამოვიყენეთ. კეთილშობილი საქმეა ტექნოლოგიები და მიღწევები და ცუდად გამოვიყენეთ. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერთხელ ბრძანა, მეცნიერების უახლესი მიღწევა კეთილგონიერი ადამიანის ხელში დიდი სიკეთეა, ხოლო არაკეთილგონიერის ხელში - უბედურება.
- რისკები ბევრ სფეროში არსებობს, მაგრამ სრული აკრძალვა ყოველთვის გამოსავალი არ არის. თუ ქალის მთავარი მისია დედობაა, რატომ უნდა დატოვოს სახელმწიფომ ის ამ ბედნიერების გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ეს შესაძლებლობა ბოროტად გამოიყენა ან სფერო სათანადოდ არ არის რეგულირებული?
- ჩემი აზრი ხომ გაინტერესებდათ?! რაც დავაფიქსირე, აქ გავჩერდეთ, იმიტომ რომ როდესაც პროდუქტი გამზადდება, ის აუცილებლად გაივლის ჯანდაცვის კომიტეტს. კომიტეტის მოსმენაზე ყველას შეეძლება ღიად, საჯაროდ მოუსმინოს იმას, რაც სხდომაზე იქნება გაცხადებული — ჩატარდება სამუშაო შეხვედრებიც. კანონის მიღებას თავისი წესი აქვს: ჯერ განმარტება უნდა მოხდეს უმაღლეს დონეზე, შემდეგ — დასაბუთება; უნდა აიწონოს დადებითი და უარყოფითი მხარეები, რათა გამოჩნდეს, რომელი გადაწონის და რა გზით უნდა წავიდეთ. მხოლოდ ამის მერე მოხდება მისი ნორმატიულ აქტად ქცევა.
- მოკლედ, უნდა აიკრძალოს თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც სუროგაცია, კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებთ...
- მე ექიმი ვარ და ცალსახა, მკაცრი განმარტებები არ მახასიათებს. წამალს აქვს გენიალური თვისება: როცა მიზნობრივად იყენებ, სარგებლის მომტანია, არადოზირებულად კი - საწამლავი ხდება. ზუსტად ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონშემოქმედებაშიც. კანონი დოგმა არ არის - მას ახასიათებს გარდამავალი დებულებები, მითითებები და დასაბუთებული, არგუმენტირებული [გამონაკლისებიც].
- აშკარაა, რომ სუროგაციის აკრძალვის საკითხზე ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებთ, მაგრამ თქვენთან საუბრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სრულად აკრძალვას არ ემხრობით...
- კანონპროექტის დამუშავების პროცესში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, რადგან კანონის დაწერა შემოქმედება და მეცნიერების ნაწილია.
























