ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კატცი, ევროკავშირისგან ირანის დასანქცირებას ითხოვს. მიზეზი “ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის: მიერ ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემის გატაცებაა.
“აიათოლა ხამენეის რეჟიმი კრიმინალურია, რომელიც მხარს უჭერს ჰამასის დანაშაულს და აწარმოებს მეკობრულ ოპერაციებს, რითაც საერთაშორისო სამართალს არღვევს. მოვუწოდებ ევროკავშირს და თავისუფალ სამყაროს, რომ “ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია” სასწრაფოდ გამოცხადდეს ტერორისტულ ორგანიზაციად, ირანს კი სანქციები დაეკისროს”, - განაცხადა ისრაელის მინისტრმა შემთხვევის შემდეგ.
გემზე, რომელიც გვარდიამ შაბათ დილით დააკავა, ეკიპაჟის 25 წევრი იმყოფება. გემი პორტუგალიური კომპანია MSC Aries-ის მფლობელობაშია, რომელმაც უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების უსაფრთხოდ დაბრუნებასა და კეთილდღეობაზე “შესაბამის უწყებებთან ერთად” უკვე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს, ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განზორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, თეირანმა განცხადება გაავრცელა, სადაც იგი პირობას დებს, რომ თავდასხმის გამო შურს იძიებს. შემთხვევის შემდეგ თეირანმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის ჩაკეტვის შესახებაც გაავრცელა განცხადება. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ირანისგან ისრაელზე თავდასხმას პროგნოზირებს და თეირანს მოუწოდებს, ამისგან თავი შეიკავოს.