ისრაელის სპეცსამსახურებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენსა და აზერბაიჯანში მდებარე ებრაულ ობიექტებზე ირანის მიერ დაგეგმილი თავდასხმები აღკვეთეს.
მოსადისა და შინ ბეტის ერთობლივი განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, იგივე IRGC სტრატეგიულ მილსადენზე იერიშის მიტანას რამდენიმე კვირის წინ აპირებდა. თუმცა დაჯგუფების სამიზნე ბაქოში მდებარე ისრაელის საელჩო და სინაგოგაც იყო. ასევე, აპირებდნენ ებრაული თემის ლიდერების ლიკვიდაციასაც.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ტერორისტული დაჯგუფების წევრები მალევე დააკავეს. ჩხრეკისას მათ ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ირანიდან მიღებულ პირდაპირ მითითებებს ასრულებდნენ და ობიექტებზე ფიზიკურ მეთვალყურეობასა და ფოტოგადაღებას ახორციელებდნენ. როგორც ირკვევა, სპეცოპერაციებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას IRGC-ის სპეცოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი, რაჰმან მოყადამი ხელმძღვანელობდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იგი გასულ თვეში ისრაელის საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.
აქვე უნდა ითქვას, რომ მოსადისა და შინ ბეტის ერთობლივ განცხადებაზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კასპიის ზღვის ნედლ ნავთობს საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტს აწვდის. ის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული არტერიაა.




























