ისრაელმა თეირანის მიმართულებით ახალი საჰაერო იერიშები წამოიწყო და სამხედრო კამპანია ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ თავდასხმებით გააფართოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში დაჯგუფების ობიექტებსა და მაღალჩინოსნებზე დარტყმები განახორციელეს, რასაც ლიბანის დედაქალაქში ათეულობით აფეთქება და მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა.
იერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰეზბოლამ“ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და დრონების გაშვება დაადასტურა. ისრაელის არმიის განცხადებით, ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა „ჰეზბოლას“ ეკისრება და სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანის ათეულობით სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2024 წელს გაფორმდა. შაბათს, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე დაწყებული თავდასხმების შემდეგ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო გაფართოვდა, რამაც ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა და ავიამიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.



























