ვინ გახდება ისრაელის პრემიერ-მინისტრი? - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის მიღებითაც თეირანიდან ვაშინგტონამდე ელიან. დღეს ქვეყანაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები იმართება, რადგან კენჭისყრა 2023 წლის 7 ოქტომბრის ტრაგედიისა და სამწლიანი მრავალფრონტიანი ომის დაწყების შემდეგ არ ჩატარებულა.
ვინ არიან მთავარი კანდიდატები, რა დაპირებები აქვთ მათ და როგორი შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს არჩევნები - სწორედ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს ამ სტატიაში.
ვინ არიან მთავარი კანდიდატები?
ერთ მხარეს დგას მოქმედი პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, 19-წლიანი მართვის სტაჟის მქონე ლიდერი, რომელიც ისრაელის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე კოალიციას ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე მხარეს - ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ყოფილი უფროსი, გადი ეიზენკოტი.
თავად ეიზენკოტი პოლიტიკაში შედარებით ახალი სახეა - მან მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „იაშარი“ (რაც ივრითზე „პირდაპირს“, „წესიერს“ ნიშნავს) სულ რაღაც გასულ წელს დააფუძნა. როგორც მედია წერს, მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი სამხედრო წარსულთან ერთად პირადი ტრაგედიაც გახდა: ომის პირველ თვეებში მას ღაზაში ჯარისკაცი შვილი დაეღუპა. ის ნეთანიაჰუს სამხედრო კაბინეტის წევრი იყო, თუმცა 2024 წელს, ომის მართვის სტრატეგიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, გადადგა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მას ზურგს უმაგრებენ ყოფილი პრემიერი ნაფტალი ბენეტი, ავიგდორ ლიბერმანი და მემარცხენე გენერალი იაირ გოლანი.
საყურადღებოა, რომ მათ გარდა, სხვა კანდიდატების შანსებზე მედია არ საუბრობს. შესაბამისად, გამარჯვებული ან ნეთანიაჰუ ან ეიზენკოტი იქნება.
რას ჰპირდებიან კანდიდატები ამომრჩეველს და რა განასხვავებთ მათ?
პრემიერობისთვის მებრძოლებს შორის პირველი და უმთავრესი უთანხმოება 7 ოქტომბრის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ეხება - ეიზენკოტი და ოპოზიცია დაუყოვნებლივ ითხოვენ სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას უსაფრთხოების ჩავარდნების გამოსაძიებლად. იმ ჩავარდნის, რამაც 1,200 ადამიანის სიკვდილი, 251-ს ტერორისტების მძევლად ქცევა განაპირობა.
ნეთანიაჰუ ამას ეწინააღმდეგება და აქცენტს იმაზე აკეთებს, თუ რამდენად წარმატებულია მისი სამხედრო მოქმედებები ღაზაში, ლიბანში, სირიაში, იემენსა და ირანში. ასევე, რამდენად მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
მეორე საკითხი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეხება: როგორც ცნობილია, სამწლიანმა ომმა რეზერვი გადატვირთა, ამიტომ ეიზენკოტი საჭიროდ მიიჩნევს, დანაყოფები ულტრაორთოდოქსი ებრაელების, იგივე ჰარედების ჯარში გაწვევით გადაახალისოს.
აი, ნეთანიაჰუ კი, რომელსაც კოალიციაში სწორედ ულტრაორთოდოქსები და მათი მხარდამჭერები ჰყავს, პარტნიორების შენარჩუნების მოტივით, რელიგიური ჯგუფის წევრების გაწვევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ინფორმაციისთვის, ჰარედები წარმოადგენენ იუდაურ საზოგადოებას, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს დაცვა თორას უწყვეტი შესწავლითაც არანაკლებაა შესაძლებელი და რომ რელიგიურ სასწავლებელში მყოფი სტუდენტი სულიერ ფრონტზე იბრძვის და ქვეყნისთვის ფიზიკურ ჯარზე არანაკლებ საქმეს აკეთებს.
მესამე ფუნდამენტური სხვაობა სასამართლო რეფორმა, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და საერთაშორისო იზოლაციაა: ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე პარტნიორები - იტამარ ბენ-გვირი და ბეცალელ სმოტრიჩი უზენაესი სასამართლოს შესუსტებას ცდილობენ. მაშინ, როცა ნეთანიაჰუ კორუფციაშია ბრალდებული და მისი საქმე განხილვას ექვემდებარება, სასამართლოს დამორჩილება ძალაუფლებისა და სამართლებრივი იმუნიტეტის შენარჩუნების ბერკეტად შეიძლება იქცეს.
აი, ეიზენკოტი კი დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროპასთან, შერყეული დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების აღდგენას უჭერს მხარს.
რას ფიქრობენ კანდიდატები ირანის ომზე?
კითხვაზე პასუხი, ნეთანიაჰუს გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება თუ არა ისრაელში რამე ირანის ომის მხრივ მკაფიოა. მოქმედი ლიდერი არსებული ტაქტიკის შენარჩუნებას უჭერს მხარს. აი, რაც შეეხება ახალ კანდიდატს, მას გარკვეულწილად განსხვავებული შეხედულება აქვს.
გადი ირანთან ომს, როგორც მოცემულობას პრობლემურად არ აღიქვამს, თუმცა მის საბოლოო მიზნებსა და დასრულების სტრატეგიას სხვაგვარად უყურებს: მაშინ, როცა ნეთანიაჰუ თეირანის რეჟიმის დამხობასა და მრავალ ფრონტზე უვადო ბრძოლებს აანონსებს, ეიზენკოტი ვიწრო, რეალისტურ სამხედრო ამოცანებს და ომიდან გამოსვლის მკაფიო გეგმას ითხოვს. ის მიიჩნევს, რომ ისრაელმა რეჟიმის ცვლილებაზე ზრუნვა ირანელ ხალხს უნდა მიანდოს, თავად კი სრული ყურადღება ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განადგურებასა და რეგიონში თეირანის მარიონეტული ქსელების მოშლას უნდა დაუთმოს.
ვის აქვს მეტი შანსი და ვინ შეიძლება გადაწყვიტოს გამარჯვებულის ბედი?
წინასწარი კვლევებით, ეიზენკოტი ნეთანიაჰუს უსწრებს, თუმცა ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად აუცილებელ 61 მანდატს ვერც მისი ბლოკი აგროვებს. ამჟამინდელი მოცემულობით, გადამწყვეტი ხმა ორ არაბულ პარტიულ ბლოკს აქვს, რომელთა უკანაც ქვეყნის მოსახლეობის 20%, ანუ ყოველი მეხუთე მოქალაქე დგას.
უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ამჟამინდელი მოცემულობით არც ეიზენკოტი და არც ნეთანიაჰუ მათთან კოალიაციას არ განიხილავენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ანალიტიკოსები პოზიციების შერბილებას არ გამორიცხავენ.
როდის გვეცოდინება შედეგები?
ისრაელში დღეს მიმდინარე არჩევნები საქართველოს დროით ღამის 12:00-ზე დასრულდება. ეგზიტპოლები ღამითვე გამოქვეყნდება, ოფიციალური შედეგები კი 4 ნოემბერს გახდება ცნობილი.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისა და რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან მან ირანის ომის ბედიც კი შეიძლება გადაწყვიტოს, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და კოალიციების ჩამოყალიბების მძიმე ისტორიული გამოცდილება საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენის პროცესს რამდენიმე კვირით ან თვით გაწელავს.
























