ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა რუსული Sputnik-ით ვაქცინირებულთა მიღებას 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ნაცვლად ადრე გაცხადებული 15 ნოემბრისა. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ისრაელის ტურიზმის სააგენტოს განმარტებით, თარიღის გადაწევა „სამართლებრივმა და ტექნოლოგიურმა სირთულეებმა გამოიწვია, შესაბამისად რუსული ვაქცინით აცრილი ტურისტები ქვეყანაში 1 დეკემბრიდან დაიშვებიან“.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ტურისტების მიღება 1 ნოემბრიდან დაიწყო - პირველ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მეორე ეტაპზე ისრაელი უკვე განიხილავს ტურისტების მიღებას აშშ-დან, ხოლო 21 ნოემბრიდან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს იმედი აქვს, რომ ყველა ვაქცინირებული ტურისტის მიღებას შეძლებს გარდა იმ ქვეყნებისა, საიდანაც ისრაელში მოსახვედრად ვიზაა საჭირო.