მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში პირველად EU-ში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

62be9c32ec237
გიორგი თოლორდავა
01.07.22 11:15
5839
ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული თხევადი გაზის (LNG) საერთო მოცულობამ რუსეთის ფედერაციიდან მილსადენების საშუალებით იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობას ისტორიაში პირველად გადაუსწრო.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ივნისში აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული თხევადი გაზის მოცულობამ თითქმის 4.5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც რამდენიმე მილიონით მეტია, ვიდრე რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული LNG-ის იმპორტის ზრდის მკვეთრი ტენდენცია 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო, რაც უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრასთანაა დაკავშირებული.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, თხევადი გაზი რუსული ენერგორესურსების ალტერნატიულ მეთოდად შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების გათვალისწინებთ, რუსული გაზის ჩანაცვლების მთავარ რეალისტურ გზად ისევ ალტერნატიული წყაროების მიერ ბუნებრივი აირის მილსადენებით მიწოდება რჩება.

ევროკომისიის განცხადებით, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ეტაპობრივად შემცირდება, 2030 წლისთვის კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.