ფრანგი მილიარდერი, ფუფუნების საგნების მწარმოებელი გიგანტის ხელმძღვანელი ბერნარ არნო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულიდან გავარდა - მისი ქონება 65 მილიარდი დოლარით შემცირდა. Bloomberg-ის მილიადერთა რეიტინგის ისტორიაში პირველად, პირველი ათეული მთლიანად ამერიკელებმა დააკომპლექტეს, რომელთაც სათავეში ილონ მასკი უდგას.
ფრანგული კონგლომერატის, "Louis Vuitton Moët Hennessy"-ის (LVMH) დამფუძნებელი ბერნარ არნოს ქონების ღირებულება ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის მაჩვენებელზე დაბლა ჩამოვიდა.
რეიტინგს უდიდესი უპირატესობით ილონ მასკი ლიდერობს, რომლის ქონებაც 918.8 მილიარდ დოლარს აღწევს. მას მოსდევენ ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები: ლარი პეიჯი, ჯეფ ბეზოსი, სერგეი ბრინი და მაიკლ დელი. სიმდიდრის ინდექსის შექმნის (2012 წელი) შემდეგ პირველად, მოწინავე ათივე პოზიცია ამერიკის მოქალაქეებს უკავიათ.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (Bloomberg-ის მონაცემებით):
- ილონ მასკი - $919 მლრდ
- ლარი პეიჯი - $286 მლრდ
- ჯეფ ბეზოსი - $274 მლრდ
- სერგეი ბრინი - $266 მლრდ
- მაიკლ დელი - $245 მლრდ
- მარკ ზაკერბერგი - $229 მლრდ
- ლარი ელისონი - $208 მლრდ
- ჯენსენ ჰუანგი - $181 მლრდ
- სტივ ბალმერი - $172 მლრდ
- უორენ ბაფეტი - $144 მლრდ
არნოს ქონების შემცირება განსაკუთრებით თვალსაჩინო მიმდინარე წლის დასაწყისიდან გახდა. 77 წლის მილიარდერის კაპიტალი 65 მილიარდი დოლარით შემცირდა - ეს მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ყველაზე დიდი ვარდნაა. მის ბიზნესს მძიმედ დაარტყა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა, რამაც ისეთ სავაჭრო ცენტრებში, როგორიც დუბაია, "LVMH"-ის ბრენდებზე მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. საუბარია როგორც სამოსისა და აქსესუარების მწარმოებლებზე ("Dior", "Louis Vuitton", "Tiffany"), ისე პრემიუმ კლასის ალკოჰოლურ სასმელებზე (შამპანური "Dom Perignon" და კონიაკი "Hennessy"). კომპანია სირთულეებს გადააწყდა ჩინეთშიც - მის საკვანძო ბაზარზე, სადაც ადგილობრივ ჩაის მწარმოებელთან სასაქონლო ნიშანზე წარმოქმნილმა დავამ გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა.
პარიზის საფონდო ბირჟაზე პარასკევის დილის ვაჭრობაში "LVMH Moët Hennessy Louis Vuitton SE"-ის აქციები 0.5%-ით გაიზარდა. წინა დღეს კომპანიამ საბაზრო კაპიტალიზაციით საფრანგეთის უმსხვილესი კომპანიის სტატუსი დროებით "L'Oreal SA"-ს დაუთმო.
პარალელურად, აშშ-ის საფონდო ინდექსი S&P 500 წლის დასაწყისიდან 11%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ტექნოლოგიურ კომპანიებზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნით იყო განპირობებული.
ბერნარ არნო მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის 2017 წლის 22 მარტიდან უცვლელად იმყოფებოდა, 2022 წლის დეკემბრიდან კი გარკვეული პერიოდით რეიტინგის პირველ ადგილსაც იკავებდა. ის იყო პირველი ადამიანი ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარედან და სამომხმარებლო პროდუქციის ინდუსტრიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც რეიტინგის ლიდერობა შეძლო. მას შემდეგ ეს შედეგი არავის გაუმეორებია.
























