ძვირფასი ლითონის ღირებულება კვლავ იზრდება. ისტორიაში პირველად, ოქროს ერთი, 400 უნცია წონის მქონე ზოდის ღირებულებამ $1 მილიონს მიაღწია.
კერძოდ, Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი უნცია (≈31 გრამი) ოქროს ფასი რეკორდული $2500-ია, სტანდარტული ოქროს ზოდი კი, როგორც წესი, 400 უნციას (≈12 კილოგრამი) იწონის. შესაბამისად, ოქროს ერთი ზოდის შეძენისთვის დღეს მილიონი დოლარია საჭირო.
წლის განმავლობაში, ოქროს ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები ცენტრალური ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის შემცირებას უახლოეს მომავალში ელოდებიან. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები თავად ცდილობენ ოქროს რეზერვების გაზრდას, რითაც აშშ დოლარზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდებიან.
ეკონომიკური რყევების პირობებში, ცენტრალური ბანკებისა და ინვესტორებისთვის ოქრო კვლავ გრძელვადიან, სტაბილურ და სანდო საინვესტიციო კაპიტალად რჩება. ეს იმიტომ, რომ როდესაც ბანკი საპროცენტო განაკვეთს ამცირებს, ოქროს ფასი, როგორც წესი, იზრდება. ინვესტორებისთვის ოქრო ინფლაციის საწინააღმდეგო ჰეჯირების ინსტრუმენტიცაა.
ცხადია, ოქროს ყველა ზოდი 400 უნციას არ იწონის. ამასთან, როგორც აშშ-ის ოქროს ბიურო აცხადებს, ოქროს ზოდები ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის იცვლება, ინდივიდუალურ დონეზე კი, როგორც წესი - არასდროს.