17 თებერვალს რუმინეთში გამართულ აუქციონზე პოლიტიკურ სკანდალში გახვეული პაბლო პიკასოს და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გაიყიდება. ნამუშევრები რუმინელი პოლიტიკოსის, ყოფილი ფინანსთა მინისტრის, დარიუს ვალკოვის კორძო კოლექციიდანაა.
პირველი პიკასო რუმინეთის სააუქციონო ბაზარზე

ნახატი "კორიდა" (1959) — შესრულებული მელნით ქაღალდზე, ხელმოწერილი, დათარიღებული და მიძღვნილი "para el amigo Chaprate" (პიკასოს ფოტოგრაფი მეგობრისადმი) პირველი პიკასოს ნამუშევარი იქნება, რომელიც რუმინეთში საჯარო აუქციონზე გაიყიდება. ნამუშევრის საწყისი ფასი აუქციონზე 8000 ევროა, თუმცა სპეციალისტების თქმით ნახატის საბოლოო ღირებულება ამ თანხაზე ბევრად მეტი იქნება.
პიკასოს ნამუშევარს ბუქარესტში მდებარე სააუქციონო სახლი Artmark გაყიდის. გაყიდვა ხორციელდება რუმინეთის საგადასახადო ორგანოების (ANAF) მიერ დაწყებული იძულებითი აღსრულების პროცედურის ფარგლებში, დანაშაულში მსჯავრდებულისაგან ზიანის ანაზღაურებისა და ჯარიმების ამოღების მიზნით.
ვალკოვი და ე.წ. “ნახატების საქმე”
ვალკოვი მსხვილი კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა, რომელსაც ადგილობრივი მედია და იურიდიული წყაროები "Dosarul Tablourilor"-ს ("ნახატების საქმე") უწოდებდნენ. ხანგრძლივი გამოძიების ფარგლებში რუმინეთის ხელისუფლებამ ვალკოვის მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშების მსხვილი კოლექცია ამოიღო, რომელიც ვალკოვმა 10 წლის განმავლობაში დააგროვა.
2023 წლის მაისში ვალკოვს პატიმრობა მიესაჯა — ექვსწლიანი სასჯელი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გამდიდრებისთვის, მათ შორის, კორუფციული სქემის საშუალებით მიღებული თანხებით ხელოვნების ნიმუშების შეძენის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ბოლოს პროცედურულმა ცვლილებებმა შეცვალა მისი სასჯელის ასპექტები და საქმის სასამართლოში ინტერპრეტაცია, მას კვლავ აკისრია მილიონობით ლეის ფინანსური ჯარიმის გადახდის ვალდებულება, რომლის ამოღებასაც ხელისუფლება ახლა სამოქალაქო აღსრულების გზით ცდილობს, მათ შორის მისი კოლექციის აუქციონზე გაყიდვის.

Ox cart on the morning road
ნიკოლაე გრიგორესკუ
ცნობისთვის, პიკასოს ნახატის გარდა, აუქციონზე რუმინელი ნიკოლაე გრიგორესკუს ორი ნამუშევარი გადის, რომელთა საწყისი ფასი პიკასოს ნამუშევარზე მაღალია. აუქციონზე ასევე გაიყიდება ვიქტორ ბრაუნერის, რუმინელი ავანგარდი ხელოვანის ნახატი, ჟან კოკტოს "ორფეოს ტრილოგიით" შთაგონებული იშვიათი ჩანახატები და სხვა.
აუქციონი ბუქარესტში, ცეზიანუ-რაკოვეცის სასახლეში გაიმართება, სადაც საზოგადოებას გაყიდვამდე ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. აუქციონზე მონაწილეობის მიღება როგორც ადგილზე ისე ონლაინ იქნება შესაძლებელი.




























