მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისტორიაში პირველად, უკრაინული კომპანია გერმანიაში დრონებს ინდუსტრიული მასშტაბით წარმოებას იწყებს

დრონები

გერმანულმა კომპანია Quantum Systems-მა და თავდაცვის უკრაინულმა ტექკომპანია Frontline Robotics-მა უკრაინის არმიისთვის დრონების ინდუსტრიული მასშტაბით საწარმოებლად ერთობლივი, უკრაინულ-გერმანული პროექტი დააანონსეს - ინფორმაციას Kiyv Independent ავრცელებს.

კომპანიებმა ახალი საწარმო - Quantum Frontline Industries (QFI) ბერლინში, გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში წარადგინეს.

ახალი პროექტის თანახმად, QFI გერმანიაში აწარმოებს Frontline Industries-ის მიერ დაპროექტებულ და ბრძოლის ველზე გამოცდილ დრონებს, რომლებსაც უკრაინას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რაოდენობით მიაწვდის.

უკრაინა დრონების ტექნოლოგიაში ნოვატორადაა მიჩნეული, უპილოტო სისტემები კი რუსეთთან ომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და სწრაფად განვითარებად კომპონენტად ჩამოყალიბდა.

"უკრაინელებმა დრონების ომში რევოლუცია მოახდინეს, ახლა კი ჩვენ, ერთობლივი ძალებით, ინდუსტრიულ ომში მოვახდენთ რევოლუციას", - განაცხადა პრესრელიზში Quantum Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სვენ კრუკმა.

"ეს თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსი აგრესორის მოსაგერიებლად ათასობით დრონით მოამარაგებს", - აღნიშნა Frontline Robotics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ევგენი ტრეტიაკმა და დასძინა, რომ ეს პროექტი „მომავალში მსგავსი ტიპის თანამშრომლობებს გაუკვალავს გზას“.

ახალი საწარმო ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აღნიშნულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის დასაწყისში გააფორმეს.

ეს განცხადება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტს დაემთხვა, სადაც მან აშშ-ის წარმომადგენლებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართა, გერმანიამ კი უკრაინის თავდაცვის გაძლიერების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ახალი ფორმატის ფარგლებში, უკრაინა და გერმანია მიზნად ისახავენ, გააღრმაონ თანამშრომლობა თავდაცვითი კვლევებისა და შესყიდვების მიმართულებით, ასევე განავითარონ ერთობლივი თავდაცვითი საწარმოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები