ვიდეო თამაშების ისტორიაში არაერთი საინტერესო და მოთხოვნადი თამაში შექმნილა, თუმცა პოპულარობით ვერცერთი თამაში ვერ მივა Tetris-თან, რომელიც დღემდე რჩება გაყიდვების ჩემპიონად. საერთო ჯამში, 1984 წლიდან დღემდე Tetris-ის 520 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული, რაც მას ისტორიაში ყველაზე წარმატებულ თამაშად აქცევს.
რეიტინგში მეორე ადგილს თანამედროვე ეპოქის ყველაზე მოთხოვნადი თამაში Minecraft-ი იკავებს, რომლის გაყიდვების მაჩვენებელი 300 მილიონს აჭარბებს. სხვა თამაშებისგან განსხვავებით, Minecraft-ში ადამიანს ეძლევა სრული შემოქმედებითი თავისუფლება და თამაშის ერთადერთი ლიმიტი მხოლოდ გეიმერის ფანტაზიაა.
მესამე ადგილზეა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური ვიდეო თამაში - GTA V, რომელიც Rockstar Games-ის შედევრად ითვლება. 2013 წლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით GTA-ს მე-5 ნაწილის 180 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.
მეოთხე ადგილს 83-მილიონიანი გაყიდვების მაჩვენებლით Wii Sports იკავებს, რომელიც ხუთი სპორტის სახეობის სიმულატორს აერთიანებს და მოთამაშეს ერთიან პაკეტს სთავაზობს. წინა თამაშებისგან განსხვავებით, Wii Sports მხოლოდ Nintendo-ს მიერ შექმნილ კონსოლზე იყო ხელმისაწვდომი.
მეხუთე ადგილზეა Battle Royale-ის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი, PUBG, რომლის გაყიდვების მაჩვენებელი 75 მილიონს აღწევს. ამ თამაშის წარმატებაში განსაკუთრებით დიდი წვლილი მის გრაფიკულ მახასიათებლებს და მასშტაბურობას მიუძღვის.