აღსანიშნია, რომ ისტორიული ბაზრის ამოქმედებისა და პროექტის ინვესტორი კომპანია „მერკადოა“.
„ბაზარი ორბელიანის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ მესარკიშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ დღეისთვის ბაზრის 70% უკვე ათვისებულია, ხოლო სარესტორნე სივრცეში თავისუფალი მხოლოდ 5 ადგილია.
„18 ნოემბერს ბაზარი სატესტო რეჟიმში გაიხსნება. 2 კვირის განმავლობაში ტექნიკურ რეჟიმში ვიქნებით გახსნილები და გავტესტავთ შიდა კომუნიკაციების გამართულობას და ვნახავთ რა იქნება გამოსასწორებელი. ასევე რესტორნები იმუშავებენ სატესტო რეჟიმში და სრული მენიუები ამ პერიოდში არ იქნება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე სართულზე სარესტორნე სივრცეში თავისუფალი მხოლოდ 5 ადგილია, რაც შეეხება აგრო-ბაზრის სივრცეს, აქაც ძალიან ბევრი მოიჯარე გვყავს და ადგილების 70% უკვე შევსებულია, თუმცა ნაწილში სარემონტო სამუშაოები ხორციელდება. სატესტო ამოქმედების 2-კვირიანი პერიოდის შემდეგ, „ბაზარი ორბელიანზე“ სრული დატვირთვით 1 დეკემბრიდან ამოქმედდება“, - განმარტა თამარ მესარკიშვილმა.

ცნობისთვის: „ორბელიანის ბაზარი“ 1886 წლიდან არსებულ კოლმეურნეობის ბაზარს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში გააცოცხლებას და ის თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციას წარმოადგენს. ბაზარი 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პირველი სართული, სრულად, აგრარულ ბაზარს ეთმობა, სადაც პროდუქტები 100-მდე წერტილში დასახელების მიხედვით იქნება განთავსებული. მეორე სართული 35 კვების ობიექტს გააერთიანებს, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოებით. მესამე სართულზე ბაზარში მოსულ სტუმრებს ტერასა მოემსახურებათ. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კულინარიული სკოლა ამოქმედდება, რომელიც ქართული გასტრონომიის განვითარებას შეუწყობს ხელს.




























